საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში მიღებულ ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ ევროპულ მახარეს მიაწოდა ინფორმაცია და გამოთქვა მოლოდინი, რომ ევროკავშირი აღნიშნულ საკითხს გაითვალისწინებს და შესაბამის რეაგირებასაც მოახდენს.
შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე ის დღევანდელ სამიტზევე ისაუბრებს კოლეგებთან.
"დღეს დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში, ევროკავშირში. უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტია. 2021 წლის პირველი ვიზიტია. შეხვედრა უკვე გაიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ მიშელთან, უმაღლეს წარმომადგენელთან ბატონ ბორელთან. რა თქმა უნდა, საკითხები რომლებიც განხილულ იქნა იყო ძალიან მრავალფეროვანი, თუმცა ყურადღება გამახვილდა, ბუნებრივია, კოვიდთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროპულ მხარეს იმ დახმარებისთვის, რომელიც ევროკავშირმა ამ პერიოდში გასწია საქართველოს მიმართ. საუბარი შედგა ვაქცინაციის თემატიკაზე და ხაზი გაესვა ქართული მხრიდან კიდევ იმ ფაქტს, რომ ევროკავშირმა, ბრიუსელმა მეტი როლი შეასრულოს, რამეთუ საქართველოს ამ მიმართულებითაც დახმარება დროულად გაეწიოს და მხარი დაგვიჭირონ ვაქცინაციის შესყიდვის პროცესში.
საუბარი როგორც მიშელთან ისე უმაღლეს წარმომადგენელთან იყო რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ხაზი გაესვა ქართული მხარიდან იმ ფაქტს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის მეტი ჩართულობა რეგიონში და საქართველოს, როგორც ევროკავშირის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი, ბუნებრივია შეუძლია კიდევ უფრო მეტი როლი შასრულოს აღნიშნულ პროცესებში. ევროპულმა მხარემ მზაობა გამოხატა, რომ ისინი ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ ახლო მომავალში.
რა თქმა უნდა, საუბარი შედგა ორმხრივ დღის წესრიგზე საქართველო-ევროკავშრის თანამშრომლობაზე და ინტეგრაციის პროცესზე. შევეხეთ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას, აღმოსავლეთ პარტნიორობის თემატიკას. საქართველოს პრეზიდენტმა მიაწოდა ევროპულ მახარეს ინფორმაცია სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა და გარკვეული მოლოდინი დაფიქსირდა ქართული მხრიდან, რომ ევროკავშირი აღნიშნულ საკითხს გაითვალისწინებს და შესაბამის რეაგირებასაც მოახდენს. პრეზიდენტ მიშელმა დააფიქსირა მზაობა, რომ აღნიშნულ საკითხზე ის ისაუბრებს თავის კოლეგებთან სამიტის ფარგლებში, რომელიც დღეს საღამოს იმართება და ზოგადად ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ხაზი გაესვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობას საქართველოში და ჟენევის მოლაპარაკებებს, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირს არა მხოლოდ მედიატორის, არამედ გარკვეულწილად გარანტორის როლიც აქვს, რამეთუ ევროკავშირი სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეთანხმების მედიაციის პროცესში.
ჩვენ მივაწოდეთ ევროკავშირს დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ და გამოვთქვით იმედი, რომ საქართველოს თემატიკა და პრობლემატიკა აქტიურად იქნება განხილული როგორც ევროკავშირის შიგნით მაღალ დონეზე ასევე ევროკავშირის ორმხრივ დიალოგში რუსეთის ფედერაციასთან,"- განაცხადა ვატო მახარობლიშვილზე.