17 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
რა ირკვევა ივერი მელაშვილის კაბინეტში გაკეთებული ფარული ჩანაწერიდან - ოპოზიცია და "ოცნება" ვიდეომტკიცებულებას სხვადასხვაგვარად აფასებს

პროკურატურის ბრიფინგისა და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენის შემდეგაც, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პოლიტიკური ნიშნით, უსამართლოდ არიან დაკავებულები.

საგამოძიებო უწყების დღევანდელი ბრიფინგით კი, როგორც აცხადებენ, ოპოზიცია დარწმუნდა, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. 

ის, რაც ოპოზიციისთვის კითხვებს აჩენს, სარწმუნოა მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მტკიცებულებების წარმოდგენით დადასტურდა ის, რაზეც პროკურატურა აქამდე საუბრობდა. ხელისუფლება საქმეში პოლიტიკურ ინტერესს ვერ ხედავს და ოპონენტების განცხადებებს სპეკულაციურს უწოდებს.

ახალი ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენის შემდეგ უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებენ.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენას ედავება, რაც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

დღის ამბები