"ლელოს" ერთ-ერთი წევრი საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ "მოქალაქეების" ლიდერებსა და "ოცნებას" შორის გამართული შეხვედრა იმის დასტურია, რომ მოქალაქეებს პარლამენტში შესვლა სურდათ.
საბა ბუაძის განცხადებით, "ლელო" პოზიციას არ იცვლის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური კრიზისის დასრულება მხოლოდ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას შეუძლია.
"სიტუაცია ნათელია: როგორც ჩანს, მათ უნდოდათ შესვლა და ჩვენ სწორედ ამ პროცესის ლოგიკურ გაგრძელებას ვხედავთ დღეს. ჩვენ არ ვიცვლით პოზიციას და მიგვაჩნია, რომ ამ კრიზისის დასრულება შეუძლია მხოლოდ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას და თუ ხელისუფლება გაიზიარებს ოპოზიციის ამ ლოგიკურ და ლეგიტიმურ მოთხოვნას, ჩვენ მოვახერხებთ და მივაღწევთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც დაასრულებს ამ ძალიან რთულ პოლიტიკურ ვითარებას,"-განაცხადა საბა ბუაძემ.
შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეების" ლიდერებს - ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს "ქართული ოცნებიდან" პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე შეხვდნენ. შეხვედრა პარლამენტში შედგა.