პარლამენტის თავმჯდომარე იმ პოლიტიკოსებს პასუხობს, რომლებიც ფიქრობენ, რომ დავით გარეჯის საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქმე ეხება სერიოზულ დანაშაულს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიებს, ამიტომ, აქ პოლიტიკური ჩარევა ვერ მოხდება.
"არავითარი ე.წ. კარტოგრაფების საქმე ეს არ არის. ეს საქმე ეხება საქართველოსთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხს, დავით გარეჯს. ამ საქმეში არსებობენ ბრალდებული პირები, არსებობს ძალიან მძიმე შეკითხვები, რომლებზეც საზოგადოებას და მართლმსაჯულებას სჭირდება პასუხები. მტკიცებულებები, რომლებიც აქამდე საზოგადოებამ იხილა, ბადებს ძალიან სერიოზულ კითხვებს და საქმე ეხება ძალიან სერიოზულ დანაშაულს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს და ისტორიული მნიშვნელობის თემას. ამიტომ, აქ ვერანაირი პოლიტიკური სპეკულაციები და პოლიტიკური ჩარევა ვერ მოხდება. ამ ტიპის ყველა საქმე არის მართლმსაჯულების კომპეტენცია,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.