"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია. განახლებულ შემადგენლობაში იქნება მამუკა მდინარაძეც, რომელიც აღმასრულებელი მდივნის პოზიციას დაიკავებს.
"მოგეხსენებათ, პარტიის რიგგარეშე მე-6 ყრილობის შემდეგ დღეს გაიმართა ყრილობის მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელმაც აირჩია პარტიის სამდივნო, აგრეთვე გაცნობებთ, რომ ჩვენ საუბარი გვქონდა პარტიის საორგანიზაციო საკითხებზე და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
გაგაცნობთ პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" სამდივნოს შემადგენლობას:
გენერალური მდივანი უკვე იცით, რომ არის ბატონი კახა კალაძე.
პოლიტიკურ მდივნად პოლიტიკურმა საბჭომ კვლავ აირჩია ირაკლი ღარიბაშვილი.
საერთაშორისო მდივანი პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, იქნება კახა კუჭავა.
რეგიონალური მდივანი იქნება დიმიტრი სამხარაძე.
ხოლო, რაც შეეხება აღმასრულებელ მდივანს პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით იქნება მამუკა მდინარაძე. მე შევუდგები ამ საქმიანობას" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
"ქართულ ოცნებაში" პოლიტსაბჭოს სხდომაზე რომელიც ცენტრალურ ოფისში გაიმართა მმართველი ორგანო მიმდინარე მოვლენებზე, დახურულ კარს მიღმა, ორი საათიის განმავლობაში მსჯელობდა.