"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი საპარლამენტო მანდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებ, რადგან ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგება.
"მე როცა დავწერე განცხადება მანდატის შეჩერების მოთხოვნის თაობაზე და ჩავაბარე პარლამენტში, მას შემდეგ არაფერი არ შეცვლილა, რა რეალობაც იყო, იმავე რეალობაში ვართ ახლა და მეეჭვება, რომ გამოჩნდეს პოლიტიკოსი, რომელსაც განცხადება აქვს დაწერილი და ახლა უკან წაიღებს მაგ განცხადებას.
არანაირი წინაპირობა არ ჩანს, რომ შეთანხმება შედგება. მოქალაქეების პოზიცია იგივე იყო, რასაც ისინი ადრეც აჟღერებდნენ, რომ პოლიტპატიმრების თემა არის პრინციპული საკითხი და ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ განცხადებები ქართული ოცნების, საიდანაც ცალსახად ჩანს, რომ ისინი ამ საკითხის განხილვასაც კი არ აპირებენ. შესაბამისად იმის პერსპექტივა, რომ იქ შეთანხება შედგეს, არის ძალიან დაბალი," - აღნიშნა "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
ელენე ხოშტარიას თქმით, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო.
"მე არ ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, იმიტომ, რომ საქართველოს პარლამენტი არის გაყალბებული ორგანო, ამიტომ თალაკვაძე როდის მიხვდება ამას და როდის გააფორმებს, ჩემთვის მეასეხარისხოვანია. რეალურად თალაკვაძეს ან კობახიძეს, თუ უნდა რაიმე სახის განმუხტვა, ეს განმუხტვა მუქარებით არ ხდება რეალურად უნდა დასხდნენ და კონკრეტული წინადადებები უნდა დადონ," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, ისინი ელოდებიან ხელისუფლებისგან პასუხს, თუნდაც უარს, რომ არ აპირებენ დათმობებზე წასვლას, რის შემდგომაც ოპოზიციას საკუთარი გეგმები აქვს.
"ვინც ქარს დათესავს, მიიღებს ქარიშხალს," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.