უსაფრთხოების გარანტიებს თბილისი მხოლოდ ერთ ალიანსში ხედავს - გადაწყვეტილება უცვლელია, თუმცა არ იცვლება ის მოცემულობაც, რომ NATO გაფართოებაზე გახსნილად ჯერ ისევ ვერ საუბრობს. პროცესში ბიძგი ახალმა პოლიტიკურმა მოცემულობებმა უნდა შექმნას.
რას უნდა ველოდოთ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან "NATO-ს ღია კარის პოლიტიკაში" საქართველოს მხარდასაჭერად. იენს სტოლტენბერგს ამ მხრივ ტრანსატლანტიკურ მომავალზე ოპტიმისტური ხედვები აქვს, თუმცა გუშინ ბრიუსელში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ისიც შეგვახსენა, რომ ნატოს გასაღები რეფორმებშია.
ვიდრე პრაქტიკული მუშაობა გრძელდება, საქართველო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოლოდინში რჩება. შავი ზღვის უსაფრთხოებაში ძლიერი საქართველო, რომ ყველას ინტერესია, გიორგი გახარიას წერილშიც იკითხება, რომელიც აშშ-ის ახალ ლიდერს გაუგზავნა. ორმხრივი თანამშრომლობის მიმოხილვასთან ერთად აქ მთავარი ხაზი სწორედ იმ როლზეა, რაც გლობალური ალიანსების განმტკიცებაში ამერიკას აქვს.
პრემიერი უახლეს მომავალში თეთრ სახლთან თანამშრომლობის ახალი გზების დასახვის იმედს გამოთქვამს.
თუმცა უნდა ველოდოთ, თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციისგან რევოლუციურ სცენარს ნატო-საქართველოს მხარდაჭერის კუთხით - ანალიტიკოსები ამას ნაკლებად ელიან, თუმცა იმას მკაფიოდ უსვამენ ხაზს, რომ ბაიდენის მოსვლით ნატო-ამერიკის ურთიერთობა უმჯობესდება, ორი სტრატეგიული პარტნიორის მხარდამხარ მუშაობა კი, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესშია.
ანალიტიკოსებს ნატოში გაწევრიანების საქმეში გადამწყვეტი რამდენიმე ფაქტორი მიაჩნიათ - პირველი - საგარეო ფაქტორი: რუსეთის წინააღმდეგობა და გერმანია-საფრანგეთის სკეპტიციზმი. მეორე კი შიდა პოლიტიკურად პოლარიზებული გარემოა.
დასავლური კურსი, რომ უალტერნატივოა, ამაზე ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი თანხმდება და ბაიდენის მოსვლით გახსნილ შესაძლებლობების ფანჯარაზეც უფრო თამამად საუბრობენ.