ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივამ" შეურაცხყოფა მიაყენა.
ფაქტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროტესტის მსგავსი ფორმა სასიამოვნო საყურებელი არ არის, თუმცა კარგად ესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებმაც მსგავს ფორმას მიმართეს.
"არ იყო სასიამოვნო საყურებელი და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა მაგრამ "ხელისუფლებამ" საზოგადოებას თავს ლაფი დაასხა - ხალხს არჩევანი მოპარა, პროტესტის ადრესატმა კი ეს დასხმული ლაფი შეირგო, შეიშრო და იმ თავლაფის დამსხმელ "ხელისუფლებას" გვერდით მიუჯდა.
ასე რომ, არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, ან ნაგავში აგორავებენ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებენ,"- წერს ნიკა მელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.