17 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში განსჯის საკითხი გახდა, სწორია თუ არა, რომ ადამიანს ვინმემ თავზე ნაგავი დააყაროს - სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრების მიერ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ეხმიანებიან. 

ისინი არ მიესალმებიან მსგავს ჟესტს, თუმცა აღნიშნავენ, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმა პოლიტიკური გემოვნების საკითხია. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში განსჯის საკითხი გახდა სწორია თუ არა, რომ ადამიანს ვინმემ თავზე ნაგავი დააყაროს, მე მგონია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ეს კითხვის ნიშანს არ უნდა იწვევდეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე მოხდა და სამწუხაროა, რომ იმ მდგომარეობამდე მიიყვანა ჩვენი საზოგადოება ამ ხელისუფლებამ, ის, რაც მე მეგონა, რომ ყველასთვის გასაგები იყო, რომ ადამიანს თავზე ნაგავი არ უნდა დააყარო, გახდა განსჯის საკითხი. ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, საით მიჰყავს ეს ქვეყანა,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა. 

"ევროპული საქართველოს" წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, პროტესტის მსგავსი ფორმა მისი და მისი პარტიის პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება. 

"დღევანდელ ვითარებაში მშვიდობიანი პროტესტი აბსოლუტურად ლეგიტიმურია. მშვიდობიანი პროტესტის ფორმა არის პოლიტიკური გემოვნების ამბავი. გუშინ მომხდარი, პირადად ჩემ გემოვნებაში არ ჯდება. ასევე არ ჯდება ზოგადად "ევროპული საქართველოს" პოლიტიკურ გემოვნებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ასეთ რაღაცებს გავაკეთებდით,"-განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე მომხდარს გადაცდომას უწოდებს, რომელსაც მისი პარტია არ მიესალმება. 

"ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები, არ შეიძლება მივესალმოთ ასეთ გამოხატულებას. ეს არ არის ის სტანდარტი, რომელიც შეიძლება დავამკვიდროთ. მაგრამ, ასევე, აღსანიშნავია, ის გაზრდილი პროტესტი, უკმაყოფილება, რაც ადამიანებში არის. ეს ადამიანები 3 თვე დგანან ქუჩაში, აპროტესტებენ, და შესაბამისად, შესაძლებელია იყოს გარკვეული გადაცდომები, რომელსაც ჩვენ არ მივესალმებით,"- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივამ" შეურაცხყოფა მიაყენა და მას ნაგავი მიაყარა.

დღის ამბები