თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის მისია" წარმატებით დაასრულა. ბატალიონი სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა.
მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე დახვდნენ. მათ სამხედროებს მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ნატოს ეგიდით მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის მისიას" 6 თვის განმავლობაში ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა.
ქვედანაყოფის ძირითად ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. მე-13 ქვეითი ბატალიონი როტაციის წესით 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა და უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა.