17 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
ოპოზიციისთვის რეგლამენტი იცვლება - უფრაქციო დეპუტატებს საპარლამენტო თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა გაუჩნდებათ

ოპოზიციისთვის რეგლამენტი იცვლება. უფრაქციო დეპუტატებს ექნებათ შესაძლებლობა დაიკავონ საპარლამენტო თანამდებობები: კომიტეტის თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და ვიცესპიკერის პოსტები.

ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მიზეზი შექმნილი ვითარებაა. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, რეგლამენტის ცვლილება მხოლოდ ამ მოწვევის პარლამენტს შეეხება. 

"იყო იმის საშიშროება, რომ ამ რამდენიმე სუბიექტს, გაერთიანებული ფრაქციის ვერ შექმნის შემთხვევაში, მოკლებული ჰქონოდათ იმ ინსტრუმენტებთან წვდომა, რასაც სრულყოფილი საპარლამენტო ცხოვრება ითხოვს. ამიტომ, ეს ინიციატივა გამომდინარეობდა კონკრეტული მოცემულობიდან.

ახალი რეგულაცია, რომელიც რეგლამენტში შემოდის, დათქმა ასეთია, რომ მხოლოდ ამ მოწვევის პარლამენტში იმუშავებს, ხოლო შემდეგი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული პარლამენტი გააგრძელებს ძველი რეგლამენტის რედაქციით მუშაობას,"-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის, დრო გაეზრდებათ 15 წუთამდე.

"ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, შეეძლებათ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში, რისთვისაც მათ საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო გაეზრდებათ 15 წუთამდე. ამასთან დაკავშირებით, "ევროპელ სოციალისტებს" ჰქონდათ გარკვეული წინადადებები, ჩემთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს ალეკო ელისაშვილმა დააფიქსირა წუხილი,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

დღის ამბები