პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, NDI-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაუარესდება და რომ მოქალაქეებს სურვილია საქართველოს პარლამენტი შედგეს.
"NDI-ის კვლევა ადასტურებს ორ რამეს: ერთი, რომ ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება და მეორე, რომ ადამიანებს უნდათ, რომ პარლამენტი შედგეს ამ ქვეყანაში და რეალურად ჰგონიათ, რომ პოლიტიკური სტაბილურობა არის წინაპირობა ეკონომიკური სტაბილურობისაც. სინამდვილეში რასაც ვხედავთ, ვხედავთ პირიქით პროცესს, რომ დღეს ეკონომიკურ კრიზისს ვხვდებით სრული პოლიტიკური არასტაბილურობით, რაც არის მთავარი პრობლემა. რაც უნდა გავაკეთოთ დასკვნა იმისთვის, რომ ეკონომიკური პრობლემები მოვაგვაროთ, პირველ რიგში უნდა გვქონდეს პოლიტიკური სტაბილურობა," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ NDI-ის კვლევა არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო კვლევა, რომელიც საქართველოში ტარდება. ლევან იოსელიანის განცხადებით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობას სურს მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდეს და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლონ.
"არასოდეს ჩვენ არ გვითქვამს, რომ NDI-ის კვლევას ჩვენ არ ვენდობით. პირიქით, ეს არის ერთ-ერთი სანდო კვლევა, რომელიც საქართველოში ტარდება. რაც შეეხება შედეგებს, შედეგებში იკითხება ყველაზე მთავარი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უნდა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და რომ პოლიტიკურ პროცესს ის ხედავს პარლამენტში და არა ქუჩაში, რასაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვამბობდით და ვუმტკიცებდით ჩვენს კოლეგებს, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი ეს არის გავაგრძელოთ დებატები პარლამენტში. ჩვენ ამისკენ გადავდგით დამოუკიდებელი ნაბიჯები, იმედია სხვებიც გაიაზრებენ ამ კვლევის შედეგებს და მიიღებენ შესაბამისს გადაწყვეტილებებს," - აცხადებს ლევან იოსელიანი.
შეგახსენებთ, NDI-ის ახალ კვლევაში დასმულ კითხვაზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხება, მოქალაქეების უმეტესობა პასუხობს, რომ საპარლამენტო მუშაობაში ყველა პარტია უნდა ჩაერთოს.