17 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
"მოქალაქეებს" და "გირჩს" შეუძლიათ შეუერთდნენ ოპოზიციის განცხადებას, თუკი იზიარებენ მის სულისკვეთებას - თინა ბოკუჩავა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ "დღის კურიერის" ეთერში განაცხდა, რომ არ იცის რა მიზეზით არ არის "გირჩისა" და "მოქალაქეების" ხელმოწერა ოპოზიციის იმ განცხადებაზე, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. 

თინა ბოკუჩავა ვერ ხედავს პრობლემას, ეს პარტიები პოსტ ფაქტუმ შეუერთდნენ ამ განცხადებას, თუკი მის სულისკვეთებას იზიარებენ. 

"ალბათ გახსოვთ, როდესაც ახლო წარსულში ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან საუბარი იყო მათ განკვეთაზე, დასჯაზე და ა.შ. ჩვენ არ ვიზიარებდით ამგვარ დამოკიდებულებას. მათ შორის, ნიკა მელიამ და მეც, არაერთ ეთერში ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება გამოვხატეთ ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა და ის მიდგომა, რასაც ოპოზიციური განწყობის ამომრჩეველი ელის იმ სხვადასხვა პარტიებისგან, რომელთაც მათ მხარი დაუჭირეს 31 ოქტომბრის არჩევნებზე და ეს არის მოსახლეობის უმრავლესობა, ივანიშვილის მიერ გადაწერილი საარჩევნო შედეგითაც კი.

არ ვიცი ეს ტექნიკური მიზეზები ჰქონდა, რომ ისინი არ იყვნენ წარმოდგენილი თუ სხვა მიზეზები, თუმცაღა, თუ ისინი იზიარებენ ამ განცხადების სულისკვეთებას, შეუძლიათ შეუერთდნენ ამ განცხადებას. ეს არაერთხელ მომხდარა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" კი, რომელიც ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიაა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც პარტიების ნაწილი რაღაც განცხადებას გამოაქვეყნებდა და ჩვენ ვდგებოდით სიტუაციაში, როდესაც უბრალოდ უნდა დავთანხმებოდით ამას. რა თქმა უნდა, სჯობს თავიდანვე იყოს ჩართული ყველა პარტია, მაგრამ ხანდახან ხდება, რომ ეს ვერ ხერხდება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო.  იმაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, რომ თუ განცხადების  სულისკვეთებას იზიარებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, რომ შემდეგ გაიზიაროს და საჯარო გახადოს მისი დამოკიდებულება იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ცხადი გახდეს მისი პოზიცია,"-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები