პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მიიღო. საუბარია ახალ წესზე, რომელიც მხოლოდ ამ მოწვევის პარლამენტის შემთხვევაში იმუშავებს და შეეხება ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც პარლამენტში შევლენ.
ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ უფრაქციო დეპუტატები შეძლებენ წარადგინონ ან თავად გახდნენ ვიცე-სპიკერები, ასევე დაიკავონ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის საპარლამენტო თანამდებობები.
პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და ხვალვე რიგგარეშე სესიაზე გავა.
მმართველი გუნდის წევრების თქმით, აღნიშნული ცვლილებები ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობაში გააქტიურების შესაძლებლობას მისცემს.
"ვიცე-სპიკერის წარდგენის უფლება მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციას ჰქონდა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ამის წარდგენის უფლება ადრეც ჰქონდა, არაფრაქციულ დეპუტატებს და ეს ციფრი იყო განსაზღვრული რიცხვით 7. ჩვენ ეს ბარიერი ქვემოთ დავწიეთ და გახდა 4.
ჩვენ გვყავს 2 სუბიექტი, რომელიც 2 ადამიანი და 1 დეპუტატი არის შემოსული, ამ შემთხვევაში, მათ მოუწევთ რომელიმე სხვა ოპოზიციურ ჯგუფთან შეთანხმება," - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
"ეს ცვლილებები არის მორგებული იმ მოცემულობას, რომელიც დღეს ოპოზიციის უდიდესი ნაწილის რადიკალური პოზიციიდან გამომდინარე პარლამენტში შეიქმნა, ამიტომ ვპასუხობთ ამ გამოწვევას და ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ოპოზიციას კიდევ უფრო გააძლიერებს. ამას ვაკეთებდით ჩვენ წლების განმავლობაში," - აღნიშნა გიორგი კახიანმა.