17 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
მე მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა იმ კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე, რომელიც მასსა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერს, ნიკა მელიას შორის შედგა.

იაგო ხვიჩიამ არ დააკონკრეტა, თუ რაზე ესაუბრა მას ნიკა მელია, თუმცა ხაზი გაუსვა იმ მიზეზებს, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობა" გააკრიტიკა.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ როგორც "ქართულ ოცნებას" არ სურს ეს პარლამენტი შედგეს, ისევე არ სურს შეთანხმების მიღწევა "ნაციონალურ მოძრაობას".

"მე მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა იმიტომ, რომ ის განსხვავდებოდა ნიკა მელიას სხვა საუბრების ტონებისგან. არ ვაპირებ საუბარს, კონკრეტულად, რა მითხრა ნიკა მელიამ, რადგან ეს არაფრის მომცემი არ არის, მე ვაპირებ საუბარს იმასთან დაკავშირებით, როგორ ვუყურებ პოლიტიკურ პროცესს და რატომ გავაბრაზე ნიკა მელია.

ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ პარლამენტში შევალთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად. ჩვენი პარლამენტში შესვლის კრიტერიუმი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც აუცილებლად სჭირდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლა და ჩვენ სულ ამ მიმართულებით ვმოძრაობდით. ჩვენ სულ პატივით ველაპარაკებოდით "ნაციონალურ მოძრაობას".

ახლა დგას სიტუაცია, ჩვენ უცებ აღმოვაჩინეთ, რაღაც საუბრის შედეგად, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ როგორც "ქართულ ოცნებას" არ უნდა შეთანხმება რაღაც თვალსაზრისით, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა "ნაციონალური მოძრაობისგანაც", რადგან მე ვერ გავიგე, რა უნდოდა თითოეულ ამ პარტიას, როგორც "ქართულ ოცნებას", ისე "ნაციონალურ მოძრაობას". 

მე მგონია, რომ ამ ორი პარტიიდან ერთს მაინც გულწრფელად რომ უნდოდეს, რომ შედგეს ეს პარლამენტი, პარლამენტი შედგებოდა. ვინაიდან, მე ამის იმედი დავკარგე, მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა ერთადერთი რაღაც: ქართველო ხალხო, მე ვიცი, რომ ეს ხალხი, "ნაციონალური მოძრაობა" და ის აყოლილი პარტიები, ისინი, ვინც, ჩემი აზრით, არ უნდა იყონ აყოლილი, იცავენ იმ პოზიციას, რომელიც ამ წუთას ანგრევს ქართულ პარლამენტარიზმს და "ქართული ოცნება" ამას ცდილობდა, აქამდე მან მოიყვანა ეს სიტუაცია. მე ზუსტად ვიცი, ესენი საითკენაც მიდიან, ახლა რომ ხრამში ჩეხავენ ქვეყანას, ესეც ზუსტად ვიცი. მაგრამ რაც მოხდება, იმაზე მე რომ არ მქონდეს პასუხისმგებლობა, მე 3%-იანი პარტია ვარ, მე ვერ შევქმნი ამ პარლამენტს, ჩემი შესვლით პარლამენტარიზმი ვერ გადარჩება, ამიტომ იქ არაფერი მესაქმება, სადაც ვერაფერს შევცვლი,"-აცხადებს იაგო ხვჩია.

დღის ამბები