17 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
პანდემიამდე არსებულ რეჟიმში საქმიანობა ვერ აღდგება - მთავრობასა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა

რა წესების დაცვა მოუწევთ სავაჭრო ობიექტებს 1 თებერვლიდან - მას შემდეგ, რაც გაიხსნებიან. ამის შესახებ იმსჯელეს შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, ეპიდემიოლოგებსა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შორის შედგა.

სავაჭრო სექტორს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა, ისინი  საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას, გადაადგილების შეზღუდვის ერთი საათით გადაწევასა და შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვას ითხოვდნენ.

მთავრობა ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპრომისის დაშვებას არ აპირებს და არგუმენტად მობილობის შემცირების აუცილებლობა მოჰყავს.

"ჩვენი ამოცანა არის, რომ გახსნის პერიოდი ისე გავიაროთ, რომ ეპიდაფეთქება არ მივიღოთ. შევთანხმდით ოპერირების წესების გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქებაზე, პირველი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა, გასახდელების ფუნქციონირება.

გადაწყვეტილების გადახედვა, რომ 21 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა შეიცვალოს, ან შაბათ-კვირას არ გავრცელდეს, ამ ეტაპზე არაა შესაძლებელი," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყება მაშინ, როდესაც ამის საშუალებას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მისცემს და კორონავირუსის დადებითი შემთხვევების მაჩვენებელი შესაბამის ზღვარში მოექცევა.

ამირან გამყრელიძის თქმით, შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ეპიდვითარების მულტიინდიკატორული ფაქტორების გათვალისწინებით ხდება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო თვის განმავლობაში დინამიკურად უმჯობესდება.

დღის ამბები