პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესული უფრაქციო დეპუტატებისთვის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს. პროექტს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ცვლილებებით, უფრაქციო დეპუტატებს ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერისა და კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენის უფლება ექნებათ.
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანია იმ მხრივ რომ ის საშუალებას აძლევს უფრაქციო დეპუტატებს კიდევ უფრო მეტად ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში.
რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც და "ქართველი ოცნების" დეპუტატებმა შეაფასეს 2008 წლის ომთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილება და ევროსაბჭოს ზამთრის სესიაზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტი.
ასევე, საუბარი შეეხო ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებასაც.
მმართველი პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ ევროპარლამენტარებისთვის რთულად გასაგებია ოპოზიციის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
"ევროპარლამენტარებისთვის ცალსახად მიუღებელი და გაუგებარია ბოიკოტის ენა და არაერთხელ გაჟღერდა შეხვედრებზე, რომ ისინი მოელიან ქართველი ამომრჩევლის ნების შესრულებას," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.
კიდევ ერთი საკითხი რაზეც დღეს დეპუტატები საუბრობდნენ, უკავშირდება პანდემიას და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დადგა.
კახი კახიშვილის თქმით, პარლამენტი უფრო მეტად უნდა ჩაერთოს მცირე ბიზნესის პრობლემის მოგვარებაში, რათა მათ ამ მძიმე პირობებში გადარჩენა შეძლონ.
დეპუტატებმა, ასევე ხაზი გაუსვეს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ კონტროლი და მონიტორინგი მკაცრად უნდა განხორციელდეს, რათა თავიდან ავიცილოთ მორიგი ეპიდაფეთქება.