17 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
იქნებ ერთობლივად შევიმუშავოთ საინფორმაციო გეგმაში მონაწილეობა, რომლითაც მოსახლეობას დეტალურად ავუხსნით ვაქცინის ეფექტურობა - დავით სერგეენკო  

პარლამენტში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტის განხილვისას, დეპუტატებს ვაქცინასთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდათ. მათ საინფორმაციო კამპანიის შექმნაზე გაამახვილეს ყურადღება. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ, ყველაზე ეფექტური საშუალება სწორედ ვაქცინაციაა. მან პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს შესთავაზა, ერთობლივად შეიმუშავონ საინფორმაციო კამპანია, რომლითაც მოსახლეობას ვაქცინის ეფექტურობის შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციას.

"შემოთავაზება იქნება, რომ იქნებ ერთობლივად შევიმუშავოთ საინფორმაციო გეგმაში მონაწილეობა, რომლითაც მოსახლეობას ძალიან დეტალურად ავუხსნით ამ ვაქცინის ეფექტურობას. ზოგადად, ვაქცინებთან მიმართებაში ხანდახან არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ხოლმე და ბოლოდროინდელი კვლევებიც გვაჩვენებს, რომ მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობას ერთგვარი ფრთხილი დამოკიდებულება აქვს ამ ვაქცინაციისადმი,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ვაქცინასთან მიმართებით მოსახლეობის კითხვები არ უკვირს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს. ლადო კახაძეს ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ადამიანებს ახსნა-განმარტება და ინფორმაციის სწორი მიწოდება სჭირდება. 

აქვე, სხდომაზე ისმოდა კითხვები, რამდენად არის შესაძლებელი ქვეყანაში შემოვიდეს სხვა ვაქცინა. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების” წევრის, ბეჟან წაქაძის კითხვას პასუხობს, განიხილება თუ არა ქვეყანაში სხვა ვაქცინის შემოტანა გარდა იმ სამი ვაქცინისა, რომელიც არის "ფაიზერი“, "მოდერნა“ და "ასტრაზენეკა“:

"რა თქმა უნდა, სხვა ვაქცინებსაც, თუკი ექნებათ საერთაშორისო აღიარება, ანუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, ანუ იქნება ნებადართული,  რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა მიმართულებითაც ვიმუშავებთ. ამ გეგმის მიხედვით, მე ვფიქრობ, რომ პირველი კვარტლის ბოლოს ჩვენ შევძლებთ, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ვაქცინა,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები