17 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
შეუწყდებათ თუ არა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება, ფრაქცია უშუალოდ კენჭისყრის წინ გადაწყვეტს - ირაკლი ქადაგიშვილი

დღეს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტში ორი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. ლევან ხაბეიშვილმა და შალვა ნათელაშვილმა მანდატის გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს პირველებმა მიმართეს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, გადაწყვეტილებას მანდატების გაუქმების შესახებ მმართველი გუნდი უშუალოდ კენჭისყრის წინ მიიღებს. 

"პარლამენტარებმა თავისი სამუშაო უნდა შეასრულონ, რისთვისაც ხალხმა მათ ხმა მისცა, ყველამ კეთილი უნდა ინებოს, ის სამუშაო შეასრულოს და მობრძანდეს პარლამენტში. რაც შეეხება იმას, როდესაც კენჭისყრაზე დადგება საკითხი, როგორი იქნება ფრაქციის კონსოლიდირებული პოზიცია, ამას პარტია გადაწყვეტს კონკრეტულად ამ კენჭისყრის წინ,"-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ არ საუბრობს არც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ყველაფერი 2 თებერვალს, კენჭისყრის შედეგად გადაწყდება. 

"ქართული ოცნებისთვის" არ არის ნომერი პირველი პრიორიტეტი ის, შეუწყდება თუ არა უფლებამოსილება ოპოზიციის წევრებს, ეს არის ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის, ჩვენი ამომრჩევლებისთვის, ჩვენი ოპონენტების ამომრჩევლებისთვისაც და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომლებიც ყველა ერთად მოუწოდებენ, რომ შეასრულონ ის ფუნქცია, რც მათ ხალხმა კონსტიტუციურად დააკისრა, ეს არის ჩვენი ამოცანა.

რაც შეეხება, როგორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ჩვენ ამას ვერ ვიტყვით წინასწარ, არც არასდროს გვითქვამს, იქიდან გამომდინარე, რომ 2 თებერვალს კენჭისყრა იქნება თითოეულ საკითხთან დაკავშირებით,"-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

​ხვალ უმრავლესობის წევრები უკვე დანარჩენი 49 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხზე იმსჯელებენ. 

დღის ამბები