ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.
საუბარია 49 დეპუტატზე. კენჭისყრა 2 თებერვალს მოხდება.
"ქართულ ოცნებაში" საკითხთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია არ აქვთ. გუნდის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ თავისუფალი კენჭისყრა შედგეს, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრებისთვის უკეთესი იქნება.
"რეგლამენტში არის ჩანაწერი, რომ უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით პარლამენტმა შესაბამისი დადგენილება უნდა მიიღოს. დადგენილება პარლამენტმა შეიძლება მიიღოს, შეიძლება - არა. ამომრჩეველმა ამ პოლიტიკურ პარტიებს ხმა მისცა იმიტომ, რომ მათ თავიანთი სამუშაო შეასრულონ პარლამენტში და არა საბოტაჟი გასწიონ. ეს არის ჩემი პირადი დამოკიდებულება,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
"იმ მოცემულობის გათვალისწინებით, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მონიტორინგის კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ რეალურად დღევანდელ ბოიკოტს საფუძველი არ აქვს და ამის გათვალისწინებით იქნება უმრავლესობის შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული და ეს საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი.