პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატისათვის მანდატების გაუქმების საკითხს მხარი დაუჭირა. გუშინ კომიტეტმა იგივე გადაწყვეტილება შალვა ნათელაშვილსა და ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით მიიღო. საერთო ჯამში, უფლებამოსილება პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 51-ს შეუჩერდება. საბოლოო გადაწყვეტილებას, პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდი 2 თებერვალს მიიღებს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს საქართველოს ამომრჩეველმა ხმა პარლამენტში შესასვლელად და სამუშაოდ მისცა. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს ყველა მეგობარი სახელმწიფოც.
"სანამ კენჭისყრა ჩატარდება იმსჯელებს ამ საკითხზე. თუ რა გადაწყვეტილება იქნება ფრაქციაში მიღებული ამასთან დაკავშირებით, წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით. ამ პარლამენტარებს ხმა მისცა საქართველოს ამომრჩეველმა იმიტომ, რომ მათ თავიანთ სამუშაო შეასრულონ, შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ. ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენ, ყველა ჩვენი მეგობარი სახელმწიფო," – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის ყველა იმ წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი, რომლებმაც პარლამენტს განცხადებებით მიმართეს.
"ბოლო საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ყველა პარლამენტის წევრის, ვინც განცხადებით მიმართა პარლამენტს, უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი. დიდი ალბათობაა, რომ იგივე მოხდეს პლენარულ სხდომაზე. ვიდრე პლენარული სხდომა ჩატარდება იქნება უმრავლესობის სხდომა, ამ საკითხის განხილვა კიდევ ერთხელ მოხდება და შესაძლოა ჩვენ რაღაც გარკვეულ საერთო პოზიციაზე შევჯერდეთ, მაგრამ დღეს არსებული მდგომარეობით, უმრავლესობის უმრავლესობა იზიარებს იმ პოზიციას, რომ მოხდეს უფლებამოსილებების შეწყვეტა," - განაცხადა გიორგი კახიანმა.