ბაზრობების თანამშრომლები პირველი თებერვლიდან გახსნის უფლებას ითხოვენ. დღეს სავაჭრო ობიექტების დირექტორებს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები შეხვდნენ. ბაზრობების ხელმძღვანელებმა შეხვედრა უკმაყოფილოებმა დატოვეს.
მათი თქმით, გაუგებარია დიდი სავაჭრო ცენტრების მსგავსად რატომ არ აძლევენ მათ გახსნის უფლებას.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ წინასაახალწლოდ მოლებმა რეგულაციები ზედმიწევნით დაიცვეს, ბაზრობებზე კი ხალხის მასა ბევრად მეტია, რაც ეპიდვითარების სურათზეც აისაცხება.
"ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად ორგანიზებულად მოახერხეს მოლებმა შეზღუდვების დაცვა წინასაახალწლო პერიოდში. ასევე დავაკვირდით რა ეფექტი მოიტანა ამან ეპიდემიის შემდგომ გავრცელებაზე. შესაბამისად, ამან განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება რატომ მივანიჭეთ პრიორიტეტი ჯერ მოლის გახსნას და შემდგომ ბაზრობების გახსნას. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრობები არის ღია სივრცეში, იქ ხალხის მასა ბევრად მეტია და ეს აისახება შემდგომ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე,"- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ თუ ეპიდემიოლოგიური სურათი გაუმჯობესდება, შესაძლოა ბაზრობების გახსნის თარიღმა გადმოიწიოს.
"გვაქვს ჩვენ სხვა სფეროები, რომლებიც არანაკლებ მტკივნეულად აღიქვამენ დახურვას. ბაზრობების გახსნა დაგეგმილია 15 თებერვალს, თუმცა ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, რომელიც კონტროლირებადია და რომელიც გაუმჯობესებულია. ამიტომ, არ გამოვრიცხავთ, რომ ამ თარიღმა, რომელიც ბაზრობებს შეეხება, უფრო ადრე გადმოიწიოს და მივიღოთ უფრო ოპტიმისტური გადაწყვეტილება,"- აღნიშნა ნათია თურნავამ.