2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" 2020 წლის კვლევაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, საქართველო წელსაც ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში და უსწრებს ევროკავშირის 9 ქვეყანას. მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო ხუთი წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25 პროცენტში.
მსოფლიო დონის კვლევაში ქვეყნების შეფასება 100-ქულიანი სისტემით ხდება. ცხრილის მიხედვით ქვეყანას სტაბილური შედეგი აქვს. დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით ჩვენს ქვეყანას 56 ქულა აქვს.
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს უცვლელი მაჩვენებლის კონკრეტულ მიზეზებზე საუბრობენ სპეციალისტები. ექსპერტები მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე მიუთითებენ და სახელმწიფოს მხრიდან კორუფციასთან ბრძოლისათვის საჭირო რეფორმების გატარებას ელოდებიან. ექსპერტთა მეორე ნაწილისთვის კი კორუფციის აღქმის უცვლელი ინდექსი ქვეყნის წინგადადგმული ნაბიჯია.