17 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
რა პოტენციალი აქვს რეგიონში ახალი ალიანსის "ექვსთა პლატფორმის" შექმნას - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თბილისში 

საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი ​ეწვია. ის ბაქოდან მოსკოვში, მოსკოვიდან ერევანში, ერევნიდან კი თბილისში ჩამოვიდა, ბოლო გაჩერება მას თურქეთში ექნება. ეს სწორედ ის სახელმწიფოებია, რომელებიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ახალ ალიანსში მოიპატიჟეს.

ირანი არ მალავს, რომ ე.წ. 3+3 ფორმატი მოსწონს და მის გააქტიურებას შეეცდება, ჯავად ზარიფმა ეს პოზიცია თბილისამდე მეზობელ ქვეყნებთანაც დააფიქსირა. 

იდეა იმაშია, რომ ე.წ. "ექვსეულის პლატფორმამპოსტ-ყარაბაღისეულ რეალობაში რეგიონის სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობა ჩამოაყალიბოს, ამოსავალი წერტილი ეკონომიკაა. იდეის თანახმად, ალიანსში თურქეთთან ერთად კავკასიის 3 სახელმწიფო სახელდება - ერთის მხრივ პარტნიორი აზერბაიჯანი, სურვილის შემთხვევაში მასთან დამარცხებული სომხეთი და ასევე საქართველო.

ანკარა პოტენციურ გაერთიანებაში ეპატიჟება ირანსა და რუსეთს - რაც საქართველოსთვის სერიოზულ წინააღმდეგობას ქმნის, იდეა თბილისისთვის მიუღებელია და ამაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც საუბრობს.

თეირანიდან გამოგზავნილი პირველი დიპლომატის შეხვედრები თბილისში მედიის გარეშე წარიმართა, თუმცა პროტოკოლი დაცული იყო. ზარიფი ჯერ პრეზიდენტს ესაუბრა, სადაც ადმინისტრაციის ინფორმაციით საუბარი მათ შორის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალს და ახალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გამოყენებას შეეხო.

მოგვიანებით ზარიფი პრემიერს შეხვდა - ორმხრივი კავშირების გარდა აქაც, ყარაბაღის შემდგომი რეგიონი და სტაბილურობაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი განიხილეს. უცნობია, კონკრეტულად რა ითქვა - რა იყო თეირანის წინადადება და რა უპასუხა თბილისმა. თუმცა ის, რომ "ექვსეულზე" საუბარი აუცილებლად შედგებოდა ეჭვი არ ეპარებათ ანალიტიკოსებს, ვისაც იდეის მიმართ ლოგიკური სკეპტიციზმი აქვთ. თვლიან, რომ ინიციატივა დეკლარირებული უფროა, ვიდრე რეალისტური.

ზარიფის მცდელობების მიუხედავად, ირანის ფიგურირება პოტენციურ ალიანსში ბევრს აშინებს, რადგან ირანი აშშ-ის სანქცირებულთა სიაშია, ვაშინგტონთან ურთიერთობების გაფუჭება კი არავის სურს.

ირანის პირველმა დიპლომატმა თბილისი უკვე დატოვა.

 

 

დღის ამბები