ISFED-ის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურნენ ოპოზიციის წევრები. ოპოზიციის შეფასებით, კარგია, რომ ორგანიზაციამ ხელახლა გადათვალა ოქმები, თუმცა ახლა ეს პოლიტიკურ კრიზისს ვერ განმუხტავს.
"კარგია რომ სამართლიანმა არჩევნებმა ხელახლა გადათვალა ოქმები და კვლავ დისბალანსური ოქმების პროცენტული რაოდენობა 8%-ს შეადგენს. ეს სამართლიანი არჩევნების არასრული მონაცემებით და პოლიტიკური პარტიების სრული მონაცემებით, ეს პროცენტი ბევრად უფრო მეტი არის. რა თქმა უნდა, შემდგომ ჩასწორების ოქმებით, მთელი თვენახევრის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ ოქმებს ასწორებდა და, საბოლოო ჯამში, განსხვავება სამართლიანი არჩევნების 0.4%-სა და ცესკოს ანალოგიურ მონაცემებს შორის შეიძლება დიდი არ იყოს," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
"ფაქტობრივად, ზეპირი განცხადების ან ახსნა-განმარტების ბარათის მეშვეობით ხდებოდა ციფრების გადასწორება და ეს გადასწორება ხდებოდა ფაქტობრივად შემდეგი განცხადებით - ძალიან დაღლილი ვიყავი, არ მახსოვს და ახლა გამახსენდა. აქიდან გამოსავალი იყო გადათვლა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა და ახლა ეს უკვე ჩავლილი მატარებელია და დღევანდელი კრიზისიდან ვერანაირი გადათვლა, მით უმეტეს ახლა, ვერ გამოგვიყვანს," - აღნიშნა ევროპული საქართველოს" წევრმა ლევან თარხნიშვილმა,
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა პაატა მანჯგალაძის თქმით, კარგი იქნება აღნიშნული მონაცემების დაზუსტება.
ცნობისთვის, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენლებმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ, მათ შორის, უბნების რვა პროცენტზე გამოვლენილი დისბალანსების თაობაზე განცხადება გააკეთეს.
როგორც ორგანიზაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, "სამართლიანი არჩევნების" მმართველი რგოლის ცვლილების შემდეგ ორგანიზაციამ სიღრმისეულად შეისწავლა ხმების პარალელური დათვლის შერჩევაში შესული ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი და თანდართული დოკუმენტები – სულ 850 უბანი, მათ შორის 25 სპეციალური, ე.წ. COVID-უბანი და პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი სამი საარჩევნო უბანი.
"სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, ხმების პარალელური დათვლის მონაცემებით, შემაჯამებელი ოქმების რვა პროცენტში იყო მეტობა, დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა.