პარტია "მოქალაქეების" წევრების პარლამენტში შესვლას მკვეთრი გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციაში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე ელისაშვილი-იოსელიანის ქმედებას სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი პრაქტიკულად "ქართული ოცნების" რიგებში შევიდნენ:
"ჩვენ ამ ბოლო დროს ვადევნებდით თვალყურს ამ ორი ადამიანის წვალებას, რომ რამენაირად საბაბი მოეძებნათ, რომ შესულიყვნენ პარლამენტში. როგორც ჩანს ეს იყო მათთვის მთავარი და არა იმ პრინციპების დაცვა, რაზეც ადრე ქადაგებდნენ. ახლა ჩაიდინეს ეს აბსოლუტურად სამარცხვინო საქციელი. პრაქტიკულად "ქართული ოცნების" რიგებში შევიდნენ, რადგანაც ნათელია, რომ ეს ყველაფერი არის "ქართული ოცნების" თამაში იმისათვის, რომ გაყალბებით ძალადობით და ყოველგვარი დარღვევებით მიღებულ ე.წ პარლამენტს ლეგიტიმურობა შესძინონ," - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
"ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი ქმედების მიზეზი არის ის რომ "ქართულმა ოცნებამ" დეპუტატებისთვის უფლებამოსილების მოხსნის პროცესი გააჭიანუროს:
"ალეკო ელისაშვილი პარლამენტში კარგა ხანია შესულია და არა მარტო ელისაშვილი სხვათა შორის, აქ მთავარი ის კი არ არის, ვინ შევა პარლამენტში, მე გთხოვთ ზუსტად აღწეროთ სიტუაცია, მთავარია, ვინ გამოვა პარლამენტიდან. პარლამენტში არიან სხვებიც, მაგრამ ელისაშვილის და იოსელიანის გარდა დანარჩენებმა დაწერეს განცხადება გამოსვლაზე, უბრალოდ "ქართული ოცნება" არ აკმაყოფილებს ამ განცხადებებს და დღევანდელი ეს სპექტაკლიც დაიდგა ერთი მარტივი მიზეზის გამო, ქართული ოცნებას სჭირდება მიზეზი იმისთვის, თუ რატომ არ მოხსნის უახლოეს სხდომაზე დეპუტატების უფლებამოსილებას, იტყვიან რომ ახალი წინადადება შევთავაზეთ ოპოზიციას," - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
"სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საერთო ოპოზიციურ გეგმებში აღნიშნული ნაბიჯი ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანს.
"ამ ნაბიჯში არაფერი ახალი არ არის, ვფიქრობ, რომ ყველა ველოდით ამ გადაწყვეტილებას. მეორე, საერთო ოპოზიციურ გეგმებში ეს ნაბიჯი ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანს. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ იმ პრინციპულ საკითხებზე, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციამ ამ მოთხოვნების განმავლობაში დააყენა. მესამე, ჩემი აზრით, ძალიან ცუდია და ვწუხვარ იმ გადაწყვეტილების გამო, რაც ამ ადამიანებმა მიიღეს, მაგრამ პარლამენტში 2 ადამიანის დამატება ვერანაირ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს პარლამენტს, რომელიც დღეს ერთფრაქციული სახით წარმოგვიდგება და მუშაობს," - განაცხადა ვაშაძემ.
"ლელოში" მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას არ შეუსრულებია შეთანხმების არცერთი პუნქტი:
"ის 4 პუნქტიანი მოთხოვნა, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას წარუდგინა, ჯერ კიდევ არ დაკმაყოფილებულა არცერთ პუნქტში, პოლიტპატიმრებთან მიმართებაში ჩვენ ვნახეთ, რომ 4 ადამიანი გირაოთი გამოუშვეს 1 ადამიანი ისევ საპყრობილეშია და უსამართლოდ და უკანონოდ იხდის სასჯელს, ამიტომ ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი და სამწუხაროა, რომ ამ მიმართულებით პროგრესი არ გვაქვს,"- აღნიშნა საბა ბუაძემ.
"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა ერთეული დეპუტატების შესვლა პარლამენტში, არამედ სრული ოპოზიციის, რათა ის მიზანი შესრულდეს, რომელიც მას აქვს:
"ალეკო ელისაშვილი რომ პარლამენტში შევიდოდა ჩემთვის ეს გასაკვირი არ იყო ომ პირობების და შეთანხმების შესრულების მერე რასაც დიდი ხანია საუბრობდა , ჩემი ამოცანაა არა ის რომ იქ მარტო შევიდე, არამედ მთელი ოპოციზია შევიყვანო იმ მიზნების განსახორციელებლად რა მიზანიც მე მაქვს, ეს არის კონსტიტუციაში ცვლილებები და "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" შერიგება," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.