03 მაისი 2024,   14:23
ვრცლად
ივერი მელაშვილის სკანდალური დღე - რა თქვა და რა იგულისხმა დემარკაციის კომისიის ყოფილმა წევრმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში

წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ივერი მელაშვილმა დავით გარეჯში ის ადგილები მოინახულა, რომელიც აზერბაიჯანთან ამ დრომდე შეუთანხმებელია. 

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ამბობს, რომ თავისუფლებაზე ყოფნას იმ მტკიცებულებების მოსაპოვებლად გამოიყენებს, რომელიც მას და ნატალია ილიჩოვას გაამართლებს. მელაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ რუკებთან დაკავშირებით, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება ედავება, ასევე კარტოგრაფიულ მასალებზე, რომელიც ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა სხვადასხვა ქვეყანაში მოიძია და საქართველოს გადმოსცა.

დღეს ივერი მელაშვილს იმ განცხადების განმარტებაც მოუხდა, რომელიც გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში გააკეთა და თქვა, რომ "უშუალოდ დავით გარეჯის მონაკვეთი შეუთანხმებელია". მელაშვილი "კურიერთან" დღესაც იმავეს ამბობს და აცხადებს, რომ ამ ტერიტორიის ნაწილის სამართლებრივი მდგომარეობა რეალური სურვილისგან განსხვავდება.

ვიდრე ივერი მელაშვილი თავის გუშინდელ განცხადებას განმარტავდა, დავით გარეჯში მომსახურე სასულიერო პირებმა მას პროფესიონალიზმი დაუწუნეს. თქვეს, რომ გარეჯის ნაწილის შეუთანხმებლობაზე საუბარი, მით უმეტეს დღევანდელ ფონზე, დანაშაულის გარდა, პროფესიული შეცდომაცაა. სასულიერო პირების გარდა მელაშვილის კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენა გენერალური შტაბის "კარტოგრაფია-გეოდეზიის" დეპარტამენტის უფროსმაც. ნოდარ ხორბალაძე ერთ-ერთია, ვინც სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ახალ შემადგენლობაშია და გარეჯის საქმის დეტალებზე ინფორმირებულია.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების წინასწარი 4 თვიანი პატიმრობა გუშინ დასრულდა, 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ილიჩოვაც და მელაშვილიც თავიუსფლები არიან. გირაოსთვის საჭირო 40 000 ლარი სამოქალაქო აქტივისტებმა გუშინვე შეაგროვეს.

გარეჯის საქმეზე დაკავებულების მორიგი სასამართლო სხდომა 10 თებერვალს, 13 საათზეა დანიშნული.

დღის ამბები