საპროტესტო აქციას დევიზით - "გახსენით ქვეყანა", დღეს პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მათი განცხადებით, ბიზნესის მიმართ სოლიდარულები არიან და მთავრობა ხალხს აუცილებლად უნდა დაეხმაროს.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრის ლანა გალდავას თქმით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციები არაადეკვატურია.
"სახელმწიფოს მიერ შედგენილი რეგულაციები არის აბსოლუტურად არაადეკვატური იმ თვალსაზრისით, რომ ტრანსპორტის არ გახსნა, გარკვეულ შემთხვევებში გახსნა, შაბათ-კვირის შეზღუდვით, ვაქცინაციის გეგმის არარსებობა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო საერთოდ ეკონომიკური პოლიტიკით, ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით ხედვა არ გააჩნია. სახელმწიფო არ დგას ხალხთან. გამოსავალი არის, რომ გავხსნათ ყველაფერი, მხოლოდ დავაწესოთ მკაცრი მონიტორინგი და კონტროლი"- აღნიშნა ლანა გალდავამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მთავრობამ სიტუაციის მენეჯმენტზე უნდა იზრუნოს.
"მთავრობა იმისთვის გვყავს, რომ ხალხს დაეხმაროს. იმას არ უნდა დაველოდოთ, პანდემია როდის წავა, უნდა ვისწავლოთ ამასთან ერთად ცხოვრება. მთავრობამ უნდა მოახერხოს ისეთი მენეჯმენტი, რომ არც პანდემიით დაიხოცოს ხალხი და არც შიმშილით,"- აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.