ჟურნალისტი ვახო სანაია და მისი მეუღლე მათზე თავდასხმაში ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.
ვახო სანაიას მეუღლის, თამარ ყურაშვილის თქმით, საქმეში მტკიცებულებები და მოწმეები საკმარისად არსებობს.
"კამერაც კი ჰქონდა ჩვენს ტაქსის და იქ ის დეტალები ჩანს, ასე რომ, ძალიან ბევრი მოწმეა, მათ შორის, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ ჩვენი დამხმარე ბრიგადა. ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს არ ვითხოვთ, რაც კანონით შეეფარდებათ, იმას ვითხოვთ," - განაცხადა სანაიას მეუღლემ.
ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებულ სამ პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. იზოლატორში უკვე იმყოფებოდნენ ადვოკატები. ამის შემდეგაც სასამართლომ უკვე აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. ბრალდება პატიმრობას ითხოვს.
შემთხვევა წყნეთის ქუჩაზე მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა. სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. სამივე მოძალადე პოლიციამ ადგილზევე დააკავა.