19 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
"შესაძლოა გამოსავალი იყოს პლებისციტი" - ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ გონივრული კომპრომისისთვის მზად არიან

პიკეტირებისა და აქციების შესახებ გეგმა ვერ შეცვალა შეხვედრამ, რომელიც გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა.

მხარეებს წინადადებების შეჯერებისა და პროგრესისთვის ორ კვირიანი ვადა აქვთ. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, ოპოზიცია და ხელისუფლება საკუთარ პოზიციასა და კომპრომისებზე 16 მარტამდე უნდა შეჯერდეს. სავარაუდოდ, პარტიების ლიდერები დღესვე შეიკრიბებიან.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ისინი გონივრული კომპრომისისთვის მზად არიან, თუმცა მთავარი მოთხოვნები უცვლელი რჩება- ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ არსებობს საკითხები რომელიც მყისიერად უნდა გადაწყდეს.

"აქ არის გრძელვადიანი ამოცანები ოღონდ გრძელვადიანში არ ვგულისხმობ იმას, რომ რამე უნდა გადაიდოს. უნდა მოხდეს მუშაობა ამ საკითხებზე. არის მყისიერი საკითხები პოლიტიკური მართლმსაჯულების და ვადამდელი არჩევნების საკითხი, რაც, სანამ არ გადაწყდება, მანამდე რამის განმუხტვაზე საუბარი შეუძლებელი იქნება,"-აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ ორი მთავარი საკითხი პოლიტიკური პატიმრების თემა და ვადამდელი არჩევნები უცვლელია.

"არის 2 მთავარი საკითხი, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს - ეს არის პოლიტპატიმრების გამოშვება და ვადამდელი არჩევნები. თუ ამაზე შეთანხმება შედგა, ბუნებრივია, სხვა თემებზეც იქნება საუბარი. მაგალითად, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა და სხვა მნიშვნელოვანი თემები," -აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მზად არის გონივრული კომპრომისისთვის.

"მზად ვართ გონივრული კომპრომისებისთვის, გიორგი ვაშაძე საუბრობდა, რომ შესაძლოა, ეს გამოსავალი იყოს პლებისციტი,"-აღნიშნა მანჯგალაძემ.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე აღნიშნავს, რომ შეთანხმების პირობებში პროცესის ლოგიკური გაგრძელება იქნება საპარლამენტო კედლებში პროცესის გაგრძელება.

დღის ამბები