26 აპრილი 2024,   13:24
ვრცლად
როგორ მივლენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე - პლებისციტის თემა ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება 

საერთო ოპოზიციურ შეთანხმებაში ცვლილებებია. მიზეზი მიხეილ სააკაშვილია, თავისივე იდეით.

როგორ მივლენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე - ამ დრომდე მათთვის კომპრომისულ ვერსიად განიხილებოდა პლებისციტი. თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინიდან ოპოზიციას დღის წესრიგის შეცვლისკენ მოუწოდა.

მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, რომ თბილისში მყოფი პარტიების ლიდერები მოთხოვნებში უფრო მეტად მკაცრები უნდა იყვნენ. ამ აზრს სრულად არ იზიარებენ არც "ნაციონალურ მოძრაობაში". ერთ-ერთი ასეთია სალომე სამადაშვილი, რომელიც თავისივე პოზიციას საჯაროდ სოციალურ ქსელშიც აფიქსირებს.

"არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, როდესაც საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შედგება თუ არა მიშელის ინიცირებული მედიაციის პროცესი, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა. საქმეს არაფერში გამოადგება. ასევე, ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება მოლაპარაკებების პროცესში, წარმატების გარანტიაა. წარმატება კი, პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზის შეთანხმება იქნება, მათ შორის საარჩევნო რეფორმისაც," - წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ პლებისციტი ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი ერთ-ერთი გზაა.  მისი თქმით, პლებისციტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, თუმცა ის ირწმუნება, რომ მთავარ მოთხოვნებში ოპოზიცია ერთიანობას ინარჩუნებს.

"სტრატეგია აღმაშენებელში" აცხადებენ, რომ რა თქმა უნდა, პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა უკეთესი იქნებოდა, თუმცა პლებისციტის განხილვაც  შესაძლებელია, როგორც ალტერნატიული ვერსიის. პაატა მანჯგალაძის თქმით, ის არგუმენტები, რომლებსაც პლებისციტის წინააღმდეგ იყენებენ, შესაძლებელია გამოყენებული იქნას ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგაც.

"ცუდია ერთპარტიული პარლამენტი, ცუდი იქნება ერთაზრიანი ოპოზიციაც, ძალიან კარგია როცა აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. საბოლოო ჯამში მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას კრიზისიდან გამოსასვლელად," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

"ლელოში" პლებისციტს კრიზისიდან გამოსასვლელ დემოკრატიულ მექანიზმს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს სურს თუ არა ახალი არჩევნები.გრიგოლ გეგელია ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს სრულიად ოპოზიციის სახელით არ ისაუბრონ.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნება ადარდებს და ამის გზად საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ მიიჩნევს საარჩევნო რეფორმას ან პლებისციტს, არამედ რევოლუციას. ელისაშვილის თქმით, ის მიესალმება იმას, რომ სააკაშვილის მოსაზრებას მისი თანაგუნდელებიც კი არ იზიარებენ.

დღის ამბები