დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინა შემოსულია 10 დოზიან ფლაკონებში, და იმისთვის, რომ ვაქცინის დოზა არ დაიკარგოს, ფლაკონის გახსნის შემდეგ ასაცრელად რიგში უნდა იყოს 10 ადამიანი.
მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის სარეზერვო სიაში და, იმ შემთხვევაში, თუ დღის ბოლოს საკმარისი რაოდენობის ასაცრელი ადამიანი არ არის რიგში, ისინი მიდიან და იცრებიან იმისთვის, რომ დოზა არ დაიკარგოს.
"ის აქტივობა, რაც დღეს და გუშინ გვაქვს, არ არის კარგი, ჩვენ მეტს ველით, განსაკუთრებით ჩვენი კოლეგებისგან, რომლებმაც სხვებს უნდა მისცენ მაგალითი.
დღევანდელი რიცხვით, 4532 მედიცინის მუშაკის ჯავშანია მხოლოდ პორტალზე. ორი დღის განმავლობაში 1375 ადამიანი აიცრა, გუშინ 727 და დღეს, ჯერჯერობით, 648, რაც საკმაოდ დაბალი ციფრია. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ 43 000 დოზა მომავალი ორი კვირის განმავლობაში იქნეს ადმინისტრირებული ქვეყანაში. გვჭირდება დღეში, მინიმუმ, 3000 აცრა, რომ ამ 43 000 დოზის ადმინისტრირება მოხდეს. ეს ადამიანები მეორედ უნდა აიცრას 8-12 კვირის განმავლობაში და ამათთვის 80 000 დოზა შემოდის აპრილის 20-დან. ამ დროისთვის, მათთვის და სხვა ჯგუფებისთვისაც საკმარის დოზები იქნება.
ამასთან, მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში, რამდენიმე ასეული ათასი დოზა ვაქცინების, დამატებით იქნება შემოსული და ეს არეალი ჯგუფებისა, რომელიც ვაქცინაციას ექვემდებარებიან, გაფართოვდება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრს ე.წ. სარეზერვო სიაში გვყავს ჩვენი თანამშრომლები. ჩვენ AstraZeneca-ს ვაქცინა შემოსულია 10 დოზიან ფლაკონებში. როცა გაიხსნება ეს ფლაკონი, უნდა ვეცადოთ, რომ დოზა არ დავკარგოთ, ანუ, 10 ადამიანი უნდა გვყავდეს რიგში, რომელიც აიცრება. გუშინ, დღის ბოლოს, როცა 10 ადამიანი რიგში აღარ იყო და 3 დოზა უნდა დარჩენილიყო, მოდიოდა ზარი დაავადებათა კონტროლის ცენტრში და აქედან ჩვენები მიდიოდნენ და იცრებოდნენ. გუშინდელი დღე დავამთავრეთ მხოლოდ 3 დანაკარგით,"-აცხადებს ამირან გამყრელიძე.