საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს პირადად მიულოცა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქვემო ქართლის გუბერნატორი და მაჟორიტარი დეპუტატებიც დაესწრნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიის მიზეზით, დღესასწაული განსხვავებულ ფორმატში აღინიშნება.
მთავრობის მეთაურმა სტუმრებს რეგულაციების დაცვისა და მაღალი სამოქალაქო შეგნების გამო მადლობა გადაუხადა.
"ჩემთვის დიდი პატივია, პირადად მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი. ეს დღეს არის სიმბოლო განახლების, ახალი სიცოცხლის, სიყვარულის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა, ურთიერთობა. პანდემიის გამო, ჩვენ განსხვავებულ ფორმატში მოგვიწია ამ დღის აღნიშვნა. მახსოვს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიყავი, ჯერ კიდევ პირველ ჯერზე, მაშინ პირადად ჩამოვდიოდი მარნეულში და ერთად აღვნიშნავდით ამ დღეს.
სამწუხაროდ, დღეს, პანდემიის გამო, სხვა ვითარებაში გვიწევს მუშაობა. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ ამ რეალობის გათვალისწინებისთვის. კიდევ ერთხელ, მთელი გულით გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს," - აღნიშნა პრემიერმა.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს მიულოცეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმაც მიულოცეს. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოში ეთნიკურ მრავალფეროვნებას.
"თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს ვულოცავ ამ თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს ვულოცავ ამ უმშვენიერეს დღეს და სიმბოლურად, ჯგუფის სახელით მივმართავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც დღეს აღნიშნავს ამ უძველესი კულტურის უმშვენიერეს ტრადიციას, ნოვრუზ ბაირამს. ვფიქრობ, სიმბოლიკა და დატვირთვა ამ დღესასწაულის, რომელიც არის დაფუძნებული ერთმანეთთან ურთიერთობის პატივისცემაზე, სითბოზე, გარდაისახება ყოველდღიურ ურთიერთობებში ჩვენს მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ საზოგადოებაში," - აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.