19 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
გამოკითხულთა მხოლოდ 35 % ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აიცრებოდა, 53 % კი არ აიცრებოდა - NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე მოსახლეობას კვლავაც ეკონომიკური და ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.

მოქალაქეები მთავრობის მიერ პანდემიის მართვას კვლავაც დადებითად აფასებენ (68 პროცენტი, 2020 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 60 პროცენტი იყო), თუმცა ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

მოსახლეობა კორონავირუსის აცრის მიმართ კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი.

მთავრობის ვაქცინაციის გეგმას ეფექტურად მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები (42 პროცენტი) აფასებს და მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აიცრებოდა;

53 პროცენტი აცხადებს, რომ არ აიცრებოდა.

ქალები და 55 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქეები, სხვებთან შედარებით, ვაქცინაციის მიმართ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

ისინი, ვინც ამბობენ, რომ აცრას არ გაიკეთებენ, მიზეზად ასახელებენ ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას (48 პროცენტი) და რწმენას, რომ პანდემიის გადალახვას ვაქცინაციის გარეშეც შეძლებენ (20 პროცენტი).

მოქალაქეები კოვიდ-19-ის შესახებ ინფორმაციას უმეტესად ტელევიზიიდან (60 პროცენტი) ან ინტერნეტით (35 პროცენტი) იღებენ, ინფორმაციის სანდოობის მხრივ კი, სამედიცინო სფეროს მუშაკებსა (74 პროცენტი) და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (68 პროცენტი) გამოარჩევენ.

NDI-ის კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

დღის ამბები