ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავარ პრობლემად ჯანდაცვასთან ერთად, ეკონომიკას ასახელებს, უკვე მოჰყვა ექსპერტთა შეფასებები.
თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, ინვესტორისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, შეიქმნას რეფორმების ერთიანი ცენტრი, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა უწყების საჭიროებებს და შესაძლებლობებს ამ მიმართულებით.
"მნიშვნელოვანია განხორციელდეს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება, ოღონდ აქ არ იგულისხმება რაღაც საკანონმდებლო რეგულაციები ან რეიტინგში მეშვიდე და მეექვსე ადგილზე წაწევა, არამედ, უშუალოდ ადგილზე ინვესტორისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. კარგი იქნება, შეიქმნას რეფორმების ერთიანი ცენტრი, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა სამინისტროების როგორც საჭიროებებს, ისე შესაძლებლობებს და ერთიანად დაგვანახებს თუ საით უნდა ვიაროთ,"-აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის მოსაზრებით, არასწორია ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც სუბსიდირებით ცდილობს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრას.
"მოკლევადიან პერსპექტივაში ხელისუფლების მიდგომა არის ცალსახად გადასახედი. მაგალითად, დღეს ხელისუფლების დამოკიდებულება, რომელიც ცდილობს, რომ სუბსიდირების პოლიტიკით ბევრი პრობლემა გადაჭრას, არსებითად მცდარია. აუცილებელია საგადასახადო შეღავათებით მოხდეს თუნდაც მსყიდველობითი უნარის გაზრდა, ამის ძალიან კარგი მაგალითი იქნება, საწვავზე აქციზის გადასახადის ძველ ნიშნულზე დაბრუნება, რომელიც მსყიდველობით უნარს მნიშვნელოვნად გაზრდიდა და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნებოდა ინფლაციის მოსათოკად,"- აცხადებს პაატა ბაირახტარი.
შეგახსენებთ, რომ NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 13% აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაშ სამსახური დაკარგეს, 12%-ს კი შემოსავალი სწორედ პანდემიის გამო შეუმცირდა.