18 მაისი 2024,   22:33
ვრცლად
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია მისი ინსტაგრამის გვერდზე გავრცელდა. ამასთან, ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ უცვლელი რჩება მისი მოთხოვნა დამოუკიდებელი ექიმის მიერ გასინჯვასთან დაკავშირებით:

"არ ვცვლი ჩემთან აუცილებელი ექიმის დაშვების მოთხოვნას. ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობა მეკარგება და მსურს გავიგო, რა არის ეს და როგორ ვუმკურნალო, მაგრამ ამ პროცესის პროგრესის და ყველა ვითარების გათვალისწინებით, ვიწყებ შიმშილობის შეწყვეტას. წესების თანახმად, ამას ასევე 24 დღე დასჭირდება და ამბობენ, რომ ეს შიმშილობაზე რთულიც კია. ასე რომ წარმატება მისურვეთ"- წერს ალექსეი ნავალნი.

ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოს თვეში რუსეთში "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. ის კომატოზურ მდგომარეობაში სამკურნალოდ რუსეთიდან გერმანიაში იქნა გადაყვანილი, ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ კი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა, სადაც აეროპორტშივე დააკავეს და 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს. 2 თებერვალს კი სასამართლომ რუს ოპოზიციონერს "ივ როშეს საქმეზე" პირობითი სასჯელი წესების დარღვევის გამო, რეალური პატიმრობით შეუცვალა - 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ნავალნი სასჯელს 11 მარტიდან ვლადიმირის ოლქის პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში იხდის. ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა იმის გამო, რომ მას დამოუკიდებელი ექიმის მხრიდან  სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარი უთხრეს. ოპოზიციონერი ზურგის არეში მწვავე ტკივილს უჩივის და დროდადრო კარგავს მგრძნობელობას ფეხში.

დღის ამბები