19 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
Sinopharm-მა უკვე დაამტკიცა უსაფრთხოება და ეფექტურობა, დიდი იმედი მაქვს, წარმატებით გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე იმუნიზაციის პროცესის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

"ადგილების დამატება ნამდვილად იგეგმება და პოლიკლინიკურ ქსელში ვაქცინაცია გაფართოვდება. რაც შეეხება თვითონ Sinopharm-ის ვაქცინას, ეს არის ძალიან გამოცდილი ვაქცინა. ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი უსაფრთხოება, ეფექტურობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენთანაც დიდი წარმატებით გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მკვეთრად გაუარესებული ეპიდვითარების პარალელურად, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. დღეიდან Sinopharm-ით აცრა დამატებით 44 კლინიკაშია შესაძლებელი. სწორედ ჩინური მწარმოებლის ვაქცინას იკეთებენ მთავრობის და პარლამენტის წევრები, ისინი იმუნიზაციის პროცესში დღეიდან ერთვებიან.

COVID - 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე ჩაუტარდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა. ამასთან, შს მინისტრთან ერთად ვაქცინაცია ჩაუტარდა მის მოადგილეს, საპატრულო პოლიციის უფროსსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს. სულ აიცრა 20 ადამიანი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა, თავს კარგად გრძნობს და იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ თითოეულ მოქალაქეს მოუწოდა.

დღის ამბები