19 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
საქართველო იქნება ქვეყანა, სადაც სტუმარ-მასპინძლობა იქნება უსაფრთხო - ნათია თურნავა

მთავრობა ტურიზმის სექტორს უსაფრთხო სტუმარ-მასპინძლობის სანაცვლოდ საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიას გაუწევს.

სწორედ ტურიზმის სექტორის ვაქცინაციას განიხილავენ ამ წუთებში ეკონომიკის მინისტრი, აღნიშნულ სფეროში მომუშავე ასოციაციები და სასტუმროების წარმომადგენლები.

საუბარი სექტორში დასაქმებულთა ნებაყოფლობითი აცრის გარდა დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც ეხება.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სასტუმროებს და რესტორნებს სრული მზადყოფნა აქვთ ითანამშრომლონ ეკონომიკის სამინისტროსთან და შექმნან უსაფრთხო სივრცეები ტურისტებისა და დამსვენებლისთვის.

"ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვთავაზობთ ისეთ სარგებელს, ვაქცინირებულ სასტუმროებს და ვაქცინირებულ რესტორნებს, როგორიც არის საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში მონაწილეობას ჩვენი ძალებით. საქართველო იქნება ქვეყანა, სადაც სტუმარ-მასპინძლობა იქნება უსაფრთხო,"- აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტის ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, ტურისტი, რომელიც ქვეყანაში დააპირებს მოგზაურობას, ინფორმირებული იქნება, რომ საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მატარებელია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ეკონომიკის სამინისტრომ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივა გააცნო.

"ეს ტურიზმის ინდუსტრიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. კოვიდუსაფრთხო სტატუსი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. ის ტურისტი, რომელიც ქვეყანაში დააპირებს მოგზაურობას, ინფორმირებული იქნება რომ საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მატარებელია. ასევე, ტურისტებს ეცოდინებათ ის ობიექტები, რომლებიც მასპინძლობას გაუწევენ ჩამოსულ ვიზიტორს. ეს სია განთავსებული იქნება ერთიან პლატფორმაზე. შესაბამისად, პლატფორმაზე იქნება ჩამონათვალი უკვე ვაქცინირებული თანამშრომლების და იმ ორგანიზაციების, რომლებიც თანამშრომლების ვაქცინაციას თვითონ უზრუნველყოფენ. ეს პროცესი უკვე ხელმისაწვდომია და ჩვენ სექტორს ხვალიდანვე შეგვიძლია განაცხადის გაკეთება, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მეტ სტიმულს მისცემს იმოგზაურონ ქვეყანაში,"- განაცხადა ნატა კვაჭანტირაძემ.

დღის ამბები