19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ჩვენ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არაფერი გაგვიკეთებია - ივერი მელაშვილი

დავით გარეჯის საქმეზე მორიგი სხდომა ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დაიკითხნენ ბრალდების მოწმეები.

როგორც მათ სხდომაზე აღნიშნეს, სასაზღვრო რუკების შედგენას  სწორედ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი ხელმძღვანელობდნენ, თუმცა უარყვეს ბრალდება, რომ კომისიის ეს წევრები სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ.

ჩვენებებმა გირაოთი გათავისუფლებულ კარტოგრაფებს გაუმყარა მოლოდინი, რომ  გამამართლებელი განაჩენი დადგება. 

"მათ დაადასტურეს ის, რომ არავითარი სხვა განცდა არ ყოფილა კომისიაში, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ყოფილიყო მიმართული, პირიქით, ვიღვწოდით, რომ ქვეყნის ინტერესები გაგვეტარებინა," - აცხადებს ბრალდებული ივერი მელაშვილი. 

ნატალია ილიჩოვას ადვოკატის განცხადებით, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მათ არ შეუმჩნევით ვინმეს, მათ შორის, ივერი მელაშვილს, ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღოთ. 

განსხვავებულია პროკურორის განცხადება, რომელიც მოწმეების იმ ჩვენებას აკონკრეტებს, სადაც ადასტურებენ, რომ კარტოგრაფიულ საქმიანობას, რუკებზე სამუშაოების წარმოებასა და ხაზის დატანის სამუშაოებს ბრალდებულები ახორციელებდნენ.

"სამივე მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ კარტოგრაფიულ საქმიანობას, რუკებზე სამუშაოების წარმოებასა და ხაზის დატანის სამუშაოებს ბრალდებულები ახორციელებდნენ.

ჩვენ მოწმეების სამართლებრივ შეფასებას ვახდენთ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ბრალდებულები იყვნენ ის პირები, რომლებიც ექსკლუზიურად მუშაობდნენ რუკებზე და საზღვრის ხაზის დატანით სამუშაოებზე, ყველა აქამდე დაკითხული მოწმე აცხადებს, რომ მათ საზღვრის დატანის სამუშაოებში არც კომპეტენცია ჰქონიათ და არც მიუღიათ ამაში მონაწილეობა," - აცხადებს პროკურორი მიხეილ სადრაძე.

ავტორი: ხათუნა გაგნიძე.

დღის ამბები