საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფთან დაკავშირებული ინფორმაციის შემდეგ უწყებების მიერ მოხდა უზრუნველყოფა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა შესრულებულიყო.
"ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ეხებოდა მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით.
წესისამებრ, უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის, შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი.
პრობლემები შეიძლება, ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს.
კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. იმედი მაქვს, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებაც იგივე ყურადღებით გაშუქდება", - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
შეგახსენებთ, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც გერმანიაში დასაქმების სპეციალური პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეები არასათანადო სოციალურ პირობებში იმყოფებიან.