19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
გელათის ფრესკები ისევ ზიანდება - დიაგნოზის დასასმელად საქართველოში იუნსეკოს ექსპრეტს ელოდებიან

გელათის ტაძარში დღეს შინაგან საქმეთა სამინისიტროს ექსპერტები გამოჩნდნენ. ძალოვანი უწყების სპეციალისტები სასულიერო პირებს მედიის გარეშე შეხვდნენ. მთავარი განსახილველი თემა ტაძარში უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან ერთად ისტორიული ძეგლის გადახურვის საქმეზე დაწყებული გამოძიების საკითხი იყო. სპეციალისტებმა სასულიერო პირებს უთხრეს, რომ ხარაჩოებზე გადაადგილება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

ტაძრის შიდა ტერიტორიაზე განლაგებულ ხარაჩოებზე გარეშე პირების სიარული კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით აიკრძალა. თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ ფრესკების ისედაც რთულ მდგომარეობას კონსტრუქციაზე გადაადგილება კიდევ უფრო აუარესებს. როგორც სამინისტროში, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არ გამორიცხავენ, რომ ფრესკების მორიგი, რამდენიმე დღის წინანდელი დაზიანების მიზეზი, ხარაჩოებზე უცხო პირების გადაადგილება იყოს.

გადაწყვეტილების აღსრულება უკვე დაწყებული აქვთ ადგილობრივ სასულიერო პირებს. დღეიდან ტაძრის შიდა ტერიტორიაზე განთავსებულ სამუშაო ხარაჩოებზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება.

მინისტრის გადაწყვეტილებასა და დაწესებულ შეზღუდვას საქმიანობაში ხელის შეშლად აღიქვამს თორნიკე ბარათაშვილი. არასამთავრობო ორგანიზაცია რომელსაც, ის წარმოადგენს უკვე წლებია გელათის ტაძარში არსებული მდგომარეობისა და იქ მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს აწარმოებს.

გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილებას წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო უძღოდა. კადრებში, რომელიც ტაძრის შიდა ტერიტორიაზეა გადაღებული კედლებიდან ჩამოშლილი მასა ჩანს. ვიდეო, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის გვერდზე დაიდო. ავტორი კი, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას ეკლესიაში წყლის ჩასვლას უკავშირებს.

წყლის ჩასვლის შედეგად ტაძრის ფრესკების დაზიანებას გამორიცხავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, სადაც საკითხის მოკვლევა უკვე დაწყებული აქვთ.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ხარვეზებით შესრულებული გადახურვითი სამუშაოების შემდეგ შექმნილ მძიმე შედეგებს იუნესკოს ექსპერტები შეისწავლიან. სპეციალისტებს საქართველოში მომდევნო თვეში ელოდებიან. ტაძარში არსებული მდგომარეობის გამოსწორების სამოქმედო გეგმა მას შემდეგ განისაზღვრება რაც სპეციალისტები რეკომენდაციებს გასცემენ.

დღის ამბები