12 მაისი 2024,   18:36
ვრცლად
"ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ჟურნალისტების დევნას და თვითნებურ დაკავებას" - თეთრი სახლი

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ბელარუსის ხელისუფლების მიერ "რაიანეარის" რეისის მინსკში იძულებთ დასმას და ჟურნალისტის დაპატიმრებას,  „შოკისმომგვრელს“ უწოდებს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ თეთრ სახლში, ბრიფინგზე, პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა.

"ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ჟურნალისტების დევნას და თვითნებურ დაკავებას უბრალოდ იმის გამო, რომ ისინი თავიანთ საქმეს ასრულებენ.

ჟურნალისტის დასაპატიმრებლად, ევროკავშირის ორი სახელმწიფოს რეისის მიმართულების შეცვლა, შოკისმომგვრელი აქტი იყო. ეს რეჟიმის მიერ საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების თავხედური შეურაცხყოფაა. მოვითხოვთ ამ ინცინდენტის დაუყოვნებლივ, გამჭვირვალე და სანდო საერთაშორისო გამოძიებას.

კონტაქტი გვაქვს მთელ რიგ პარტნიორებთან როგორც ორმხრივი, ასევე ნატოს, ეუთოს, გაეროს, ევროკავშირის და სხვა მრავალმხრივი არხების მეშვეობით,"-აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი.

ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ საერთაშორისო რეისის მინსკში დასმის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭომ, პრეზიდენტი ბაიდენი საქმის კურსში კვირასვე ჩააყენა. ცოტა ხანში, მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიქ სალივანი, ბაიდენი-პუტინის შეხვედრის საკითხებზე ტელეფონით ესაუბრა რუს კოლეგას, თუმცა საუბრის დროს, თვითმფრინავის გადამისამართების და პროტასევიჩის დაკავების საკითხიც წამოჭრა.

პარალელურად, ბელარუსის მთავრობას დანაბარები გადასცა მინსკში შეერთებული შტატების ელჩმა. ათენი-ვილნიუსის რეისის მინსკში ძალით დაშვება და ჟურნალისტის დაპატიმრება დაგმეს  კონგრესის ჰელსინკის კომისიამ და მისმა ხელმძღვანელებმა, სენატორებმა ბენ კარდინმა და როჯერ უიქერმა. ასევე ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსმა".

"დიქტატორები, როგორიც ალექსანდრე ლუკაშენკოა, სულ უფრო ხშირად ცდილობენ გამოიყენონ თვალთვალი, დაშინება, შევიწროვება და მკვლელობაც კი, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. რამან პრატასევიჩის და სოფია საპეგას უკანონო გატაცება  სამოქალაქო რეისიდან, რომელსაც სამხედრო თვითმფრინავმა მინსკში დაშვება აიძულა, ქმნის ტერორის პრეცენდენტს, რომელიც თუ არ გაკონტროლდა, დისიდენტებს თავისუფლად მგზავრობას შეუზღუდავს. ბელორუსის თვითგამოცხადებული ლიდერის მიერ ორგანიზებული ასეთი მასშტაბის  საერთაშორისო დანაშაული, მკაცრ პასუხს და მაგნიტსკის სანქციებს საჭიროებს".

"რეჟიმმა მისი რეპრესიები, ბელარუსის საზღვრებს მიღმა და ახლა სააჰაერო სივრცეშიც გააფართოვა, რაც საშიშ პრეცენდენტს ქმნის სხვა დიქტატურებისთვისაც. ჩვენ მოვითხოვთ, რამან პრატასევიჩის და სოფია საპეგას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღონ გადამწყვეტი ზომები, ბელორუსის მთავრობის წინააღმდეგ,"- წერს "ფრიდომ ჰაუსი".

 

დღის ამბები