13 მაისი 2024,   12:19
ვრცლად
"აშკარაა, რომ ფიზიკური ზიანი მიაყენეს, კბილებიც აკლდა" - ბელარუსი ჟურნალისტის მამის შეფასებით, მის შვილს ვიდეოს ჩაწერა აიძულეს

ბელარუსის ხელისუფლების მიერ დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მამის განცხადებით, აშკარაა, რომ მის შვილს აიძულეს იმ ვიდეოჩანაწერის გაკეთება, სადაც ჟურნალისტი საუბრობს, რომ კარგად ექცევიან და რომ აღიარებით ჩვენებას აძლევს მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებით. 

ჟურნალისტის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი აშკარად ნაცემი იყო, ნერვიულობდა და "მისთვის უჩვეულოდ" საუბრობდა. 

"აშკარაა, რომ მას ფიზიკური ზიანი მიაყენეს, რადგან სახეზე ცემის ნიშნები ჩანს,"-დასძინა მან. მისი თქმით, როგორც ჩანს, ვიდეომიმართვის ჩაწერისას მის შვილს კბილებიც აკლდა. 

"ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, სად არის ის, რა მდგომარეობაა, როგორ გრძნობს თავს,"- განაცხადა მამამ, რომელიც პოლონეთში ცხოვრობს, სააგენტო AFP-სთან საუბრისას.

იქამდე, ბელარუსულ პროსამთავრობო არხებზე გავრცელდა რომან პროტასევიჩის ვიდეო, სადაც ჟურნალისტი საუბრობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, კანონიერად ექცევიან და რომ აღიარებით ჩვენებას აძლევს მინსკში მასობრივი არეულობების მოწყობასთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, რომ Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, მინსკში მოტყუებით დასვეს.

თვითმფრინავს მარშრუტი ლიეტუვას საზღვრის გადაკვეთამდე 2 წუთით ადრე, ბომბის ცრუ შეტყობინების საბაბით შეუცვალეს. როგორც აღმოჩნდა, ქმედების მიზანი ბელარუსი დისიდენტი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაპატიმრება იყო, რომელიც იმ დროს ბორტზე იმყოფებოდა. 

დაკავებულ ჟურნალისტს ბელარუსის ხელისუფლება სწორედ ოპოზიციის მხარდაჭერასა და მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. რომან პროტასევიჩს ბელარუსში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: The Guardian

დღის ამბები