ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი კვინიტაძის ოცნება ახდა, საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გენერალ გიორგი კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
პრემიერის თქმით, მაშინაც კი, როდესაც საქართველოში კომუნიზმის წითელი ტერორი მძვინვარებდა, გენერალ კვინიტაძეს სწამდა და ჯეროდა, რომ მისი სამშობლო თავისუფალი იქნებოდა, რადგან თავისუფლება და თავისუფლებისკენ სწრაფვა ჩვენი ერის სისხლშია გამჯდარი.
"გენერალი კვინიტაძე სამშობლოში დაბრუნდა. გიორგი კვინიტაძემ ჩვენი ქვეყანა 1921 წლის თებერვალში დაჭრილ იუნკრებთან ერთად დატოვა, და რა სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ ჩვენ სახელოვან გენერალს სამშობლოში დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული იუნკრები დახვდნენ. მას დახვდა ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.
მაშასადამე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი კვინიტაძის ოცნება ახდა, საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
მაშინაც კი, როდესაც საქართველოში კომუნიზმის წითელი ტერორი მძვინვარებდა, გენერალ კვინიტაძეს სწამდა და ჯეროდა, რომ მისი სამშობლო თავისუფალი იქნებოდა, რადგან თავისუფლება და თავისუფლებისკენ სწრაფვა ჩვენი ერის სისხლშია გამჯდარი.
"არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა, მისი სისხლი და ხორცი" - ეს არის იმ ადამიანის სიტყვები, ვინც თავად იყო ამ დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, თავისი ხალხის შინაგანი ძლიერების თვალსაჩინო მაგალითი და ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი.
სამშობლოდან იძულებით გადახვეწილ გენერალს სიცოცხლის ბოლო წუთამდე ჯეროდა, რომ ქართველთა შინაგანი ბუნება, სულიერი ფასეულობები და სახელმწიფოებრივი ტრადიციები ნამდვილად მოიტანდა ჩვენს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას.
მე მჯერა, გიორგი კვინიტაძის კიდევ ერთი ოცნება აუცილებლად ახდება და საქართველო დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება. ჩვენ გვესმის, რომ ეს გზა რთულია, რთულია მაგრამ ჩვენი ქვეყანა მტკიცედ და შეუქცევადად დგას წინაპართა გაკვალულ გზაზე. ამ ისტორიის ერთ-ერთი შემოქმედი, გენერალი გიორგი კვინიტაძე დღეს სამშობლოს დაუბრუნდა. ქედს ვიხრი მის წინაშე," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.