18 მაისი 2024,   22:32
ვრცლად
უნდა დაასუბსიდიროს თუ არა სახელმწიფომ გაზის გაზრდილი ფასი - ექსპერტები კომუნალური გადასახადების ზრდას ეხმაურებიან​

გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით სემეკის გადაწყვეტილებას ექსპერტები ეხმაურებიან. სპეციალისტები გადაწყვეტილებას ლარის გაუფასურებით ხსნიან და იმისთვის, რომ ფასის ზრდა მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად არ აისახოს, გამოსავალს სახელმწიფოს მიერ ბუნებრივი აირის სუბსიდირებაში ხედავენ.

შეგახსენებთ, 1 ივნისიდან ბუნებრივი აირის ტარიფი, რეგიონების მსგავსად, თბილისშიც კუბურ მეტრზე ნაცვლად 46-ისა, 54 თეთრი იქნება.

"გამოსავალი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ერთი მხრივ სუბსიდირება, მეორე მხრივ საზოგადოების ცხოვრების ამაღლება, ანუ სამუშაო ადგილებს დაბრუნება, ხელფასების გაზრდა და მთლიანობაში ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნა. რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელს ცოტა დააგვიანდება დროში და უფრო მარტივია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე სუბსიდირება, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე სუბსიდირების შემთხვევაში სხვა რაღაცას დააკლდება," - აცხადებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია.

საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე შექმნილ სიტუაციას ლარის გაუფასურებას უკავშირებს და ამბობს, რომ ფასი უნდა იყოს ისეთი, რომ ენერგოკომპანიამ ოპერირების გაგრძელება შეძლოს:

"მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური თემა, ბევრ ადამიანს ეხება, წინასაარჩევნოდ არავის არ უყვარს კომუნალური გადასახადების გაძვირება, მაგრამ საბოლოო ჯამში უნდა იყოს ის ფასი, რომლის გადახდის შემთხვევაშიც კომპანია შეძლებს ოპერირებას,"- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

დღის ამბები