19 მაისი 2024,   03:24
ვრცლად
როგორ შეუშალეს ხელი Ryanair-ის თვითმფრინავს მინსკის აეროპორტში - მაიკლ ო"ლირის წერილი ბელარუსის საავიაციო დეპარტამენტს

Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო"ლირმა ბელარუსის საავიაციო დეპარტამენტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მათ თვითმფრინავის განზრახ გატაცებაში დასდო ბრალი. 

ოფიციალურ მიმართვაში ო"ლირი აღნიშნავს, რომ ბელარუსული მხარის მოხსენებაში ცრუ ინფორმაციაა მოცემული. 

მისი სიტყვებით, ბელარუსს არ უცდია Ryanair-ის ცენტრალურ ოფისთან დაკავშირება; ამასთან, მინსკის აეროპორტის თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს თვითმფრინავის ცაში სწრაფად დაბრუნებას: თანამშრომლებმა უარი თქვეს თვითმფრინავის საწვავის შევსებაზე; უარი თქვეს საწვავისთვის საკრედიტო ბარათით გადახდის მიღებაზე და აეროპორტმა ვერ შეძლო ინგლისური თარჯიმნის მიწოდება. 

Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოითხოვა იმ 3 ადამიანის იდენტიფიკაცია, ვინც მინსკში თვითმფრინავიდან გადმოვიდა. კომპანიაში თვლიან, რომ ისინი არიან KGB-ის აგენტები, რომლებიც მოქმედებდნენ ბელარუსის "მთავრობის დავალებით" და ორგანიზებას უკეთებდნენ "თვითმფრინავის უკანონო გატაცებას."

შეგახსენებთ, რომ Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, მინსკში მოტყუებით დასვეს.

თვითმფრინავს მარშრუტი ლიეტუვას საზღვრის გადაკვეთამდე 2 წუთით ადრე, ბომბის ცრუ შეტყობინების საბაბით შეუცვალეს. როგორც აღმოჩნდა, ქმედების მიზანი ბელარუსი დისიდენტი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაპატიმრება იყო, რომელიც იმ დროს ბორტზე იმყოფებოდა. 

დაკავებულ ჟურნალისტს ბელარუსის ხელისუფლება სწორედ ოპოზიციის მხარდაჭერასა და მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. რომან პროტასევიჩს ბელარუსში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: newsbel

დღის ამბები