19 მაისი 2024,   06:40
ვრცლად
"აპოკალიფსი... მეტალის სახურავები და ღობეები დნებოდა, სოფლები განადგურდა..." - კონგოში ვულკანმა ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია

22 მაისის საღამოს 4 საათზე კონგოში ქალაქ გომის მცხოვრებმა ექიმმა გედეონ ბატიბონდამ უჩვეულო მოვლენა შენიშნა - მთასთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ლოგინებით და სხვა პირადი ნივთებით დატვირთულები მოდიოდნენ ქალაქისკენ. სოფლის მოსახლეობამ ბატიბონდას უთხრა, რომ ტყეში ხანძარი გაჩნდა და ის სულ უფრო და უფრო დიდ ფართს ედებოდა. 

ცოტა ხანში მკვეთრად ჩანდა მთა ნირაგონგოდან ამომავალი ფერფლის სვეტი - ვულკანი გააქტიურდა.

"6 საათისთვის მივხვდით, რომ ვულკანი ამოიფრქვა. ხალხი ორივე მიმართულებით გარბოდა, არ იცოდნენ, საით წასულიყვნენ," - ამბობს "ბიზნეს ინსაიდერთან" ბატიბონდა. 

ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს რინაგონგოს მეორედ ამოფრქვევა იყო და წალეკვით დაემუქრა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქალაქს, გომას, სადაც ინფრატრუქტურა და გზები ისედაც სავალალო მდგომაროებაშია. 

მთის მახლობლად მდებარე დასახლებებში სრული ქაოსი შეიქმნა - ხელისუფლებას არ გაუცია დაუყოვნებლივ ევაკუაციის განკარგულება, მოსახლეობა ინფორმაციას ერთმანეთს WhatsApp-ის საშუალებით უზიარებდა. გომაში, რომელიც რუანდას საზღვართან მდებარეობს, 2 მილიონი მოსახლე ცხოვრობს. მათმა დიდმა ნაწილმა რუანდას მიაშურა. 

ადგილობრივ მოსახლეობას მკაფიოდ ახსოვს რა შედეგები მოიტანა ვულკანმა 2002 წელს - მაშინ სტიქიამ 250-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და 120 000 მოქალაქე საცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვა. 

​"არ წავალ აქედან და არ დავკეტავ კარს. ეს ის დროა, როცა ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება," - ამბობს 35 წლის ბატიბონდა. 

ოთხშაბათის მონაცემებით, სტიქიის შედეგად 37 ადამიანი იყო დაღუპული - ზოგი მათგანი გაზმა და ლავამ იმსხვერპლა, ზოგი კი ევაკუაციის დროს მომხდარი ინციდენტების დროს გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის არის ორი პატიმარი, რომლებმაც ციხიდან გაქცევა სცადეს. 

მშობლების პოვნა 939-მა ბავშვმა ვერ შეძლო, ისინი სპეციალურ ცენტრებში გადაიყვანეს და ოჯახებმა შვილებს მოგვიანებით მიაგნეს. ბოლო მონაცემებით, მშობლების გარეშე 170 ბავშვი დარჩა. 

გაეროს მონაცემებით, ვულკანმა გაანადგურა 13 სოფელი, დაანგრია 3629 სოფელი. 20 000 ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. 

ადგილობრივი ფოტოჟურნალისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა საუბრობენ ჯოჯოხეთურ სცენებზე, რასაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხედავენ. ექიმი ბატიბონდა ამბობს, რომ შაბათს ღამით ქალაქის თავზე ცა სულ წითელი იყო. საათში რამდენჯერმე ხდებოდა მიწისძვრა, მათი სიმძლავრე რიხტერის შკალით 2.8-დან 4.1 მაგნიტუდამდე იყო. 

ლავამ გაანადგურა ელექტროგაყვანილობაც და ქალაქები და სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.  

იმის გამო, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები მოსახლეობას ვერ ემსახურებოდა, ექიმმა ბატიბონდამ მოტოციკლეტიანი მძღოლის საშუალებით მოახერხა პაციენტების ევაკუაცია, მათ შორის იყო ორი ქალი, რომლებმაც საკეისრო კვეთით ბავშვები ევაკუაციამდე რამდენიმე საათით ადრე გააჩინეს. 

მოსახლეობა ხედავდა, როგორ მოდიოდა მთიდან სქელი ლავა, რომელიც ნელ-ნელა ფარავდა სახლებს, სოფლებს, წვავდა ხის ნაგებობებს, ადნობდა მეტალის სახურავებსა და ღობეებს... ლავამ გომის აეროპორტამდე მიაღწია. 

"დაახლოებით ღამის 10 საათზე სამართალდამცველების მანქანამ შემოიარა ქუჩები, მეგაფონით ყვიროდნენ "ხალხო, გაიქეცით, ევაკუაციაა! კლინიკებიდან პაციენტები გაგზავნეთ პროვინციის კლინიკაში, არ გაჩერდეთ, წადით ახლავე!" - ყვება ბატიბონდა. 

იმ დროისთვის მისი საავადმყოფო პაციენტებით იყო სავსე, ბოლო რამდენიმე საათში 30-ზე მეტი პაციენტი შევიდა ევაკუაციის დროს ავარიაში მიყენებული დაზიანებებით და რესპირატორული პრობლემებით. 

"ერთ პატარა ბავშვს ჟანგბადი სჭირდებოდა, თუმცა ელექტროენერგია არ მქონდა და ვერ შევაერთებდი აპარატზე, შევეცადე, პირში ჩაბერვით მიმეცა მისთვის მცირეოდენი ჟანგბადი. მას შემდეგ, რაც ბავშვის მდგომარეობა დასტაბილურდა, მთავარ კლინიკაში გადაყვანა ვურჩიე. ბავშვი 6 წლის იქნებოდა," - იხსენებს ექიმი.

სტიქიამ დააზიანა სასმელი წყლის სისტემაც, რომელიც 500 000 ადამიანს ემსახურება. გაიზარდა წყლის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების რისკიც. 

გომაში გაძვირდა პროდუქტიც, ხალხი საკვების შეძენას ვეღარ ახერხებს.

 

ავტორი : თინათინ კაკიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები