უხანის ლაბორატორიის ვირუსოლოგის ცოლი კორონავირუსით 2019 წლის დეკემბერში გარდაიცვალა, მანამ, ვიდრე ვირუსს აღმოაჩენდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Caller ავრცელებს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დევიდ აშერი, რომელიც COVID-19-ის წარმოშობის გამოძიებაზე მუშაობდა, ამბობს, რომ აღნიშნული შემთხვევა პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ ვირუსი ადამიანებს შორის ვრცელდება.
ლაბორატორიის თანამშრომლის მეუღლის გარდაცვალება აშერს იმ დროს უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში მომუშავე პირმა აცნობა.
მისივე განმარტებით, ჩინეთის ხელისუფლება 1 თვის განმავლობაში მალავდა ინფორმაციას, რომ კორონავირუსი ადამიანებს შორის არის გადამდები. მისი თქმით, აღნიშნულმა პანდემიის აფეთქებას ხელი შეუწყო.
კორონავირუსის აღმოჩენამდე უხანში ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარების მძიმე ავადობაზე ცოტა ხნით წინ Wall Street Journal-მაც დაწერა. მეცნიერებმა სამედიცინო დახმარებას ჯერ კიდევ 2019 წლის ნოებმერში მიმართეს. ამასთან ერთად, მათ მსგავსი სიმპტომები ჰქონდათ და ასევე, "იმ ჯგუფის წევრები იყვნენ, რომელიც კორონავირუსით კვლევით იყო დაკავებული" - აღნიშნა გამომცემლობამ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მარტში ექსპერტთა ჯგუფის უხანში ვიზიტის შესახებ სრული ანგარიში გამოაქვეყნა, რომლებიც ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად ჩავიდნენ. სპეციალისტები SARS-CoV-2-ს ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიას ნაკლებად ეყრდნობოდნენ და ჩათვალეს, რომ კორონავირუსით ადამიანი ღამურისგან დაინფიცირდა, ხოლო ღამურა კი სხვა ცხოველისგან. აშშ-მა და სხვა 13-მა ქვეყანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ COVID-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებით აუცილებელია დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს.
ჩინეთმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ის ღია და საპასუხისმგებლო პოზიციას იჭერს COVID-19-თან დაკავშირებული პუბლიკაციების მიმართ. ქვეყნის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ პანდემიის დაწყებისთანავე პეკინმა გამოძიება დაიწყო, პათოგენი გამოავლინა და ყველა საკვანძო მონაცემები გამოაქვეყნა.
ჩინეთის საგარეო სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩჟაო ლიცზიანმა აშშ-ს განზრახვას SARS-CoV-2-ის წარმომავლობის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს დანაშაულის სხვებზე გადატანის მცდელობა და პოლიტიკური თამაშია.