19 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
თითქმის 45 პროცენტიანი პროგრესი - აპრილის თვის ეკონომიკური პარამეტრები დღეს საქსტატმა გაასაჯაროვა

2021 წლის აპრილი რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეკონომიკურად აქტიური აღმოჩნდა, დღეს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარი თემა იყო. აპრილის თვეში დაფიქსირებულმა თითქმის 45-პროცენტიანმა პროგრესმა ეკონომიკური ზრდის კვარტლური მაჩვენებელიც შეცვალა. შესაბამისად, მინუსით დაწყებული ეკონომიკური ზრდის 4 თვის მონაცემმა, ჯამურად, პლუს 8.1 პროცენტი შეადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა მომდევნო თვეებშიც მზარდი ეკონომიკური აქტივობა დააანონსა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პოსტპანდემიური ეკონომიკის აღდგენის დეტალებზე განმარტებები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. მინისტრების თქმით, გაზრდილი ექსპორტის, მოხსნილი რეგულაციებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დასტაბილურების ფონზე, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მაჩვენებელი 6.5 პროცენტი იქნება.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს პანდემიის სწორ მართვას უკავშირებს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე. დავით სონღულაშვილის აზრით, პოზიტიური პარამეტრები კერძო სექტორისთვის მასტიმულირებელი ფაქტორი იქნება.

თითქმის 45-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს არაერთგვაროვნად აფასებენ ეკონომისტები. ნაწილის აზრით, ტემპის შენარჩუნება შესაძლებელია. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ტურიზმის სრულად აღდგენისა და ვაქცინაციის დაჩქარების გარეშე საპროგნოზო მაჩვენებლის მიღწევა გართულდება. 

აპრილის თვის ეკონომიკური პარამეტრები დღეს საქსტატმა გაასაჯაროვა. უწყების განმარტებით, კოვიდპანდემიის მიუხედავად, გასულ თვეში თითქმის ყველა სექტორში მონაცემების გაუმჯობესება დაფიქსირდა.

დღის ამბები