ცესკოს თავმჯდომარის მიერ პოსტის დატოვებას არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.
მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება, შესაძლოა, მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის გაზრდის მიზეზი გახდეს.
ამასთან არასამთავრობოები თვლიან, რომ თავმჯდომარის პოსტზე გამოცდილი და მიუკერძოებელი კანდიდატი უნდა შეირჩეს.
"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინირებამ, კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულმა დისბალანსებმა და მათზე რეაგირების ნაკლოვანმა პრაქტიკამ, აგრეთვე, საარჩევნო დავების არასათანადოდ განხილვამ მნიშვნელოვნად შეამცირა საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილების საჭიროება, რაც ცესკოს წევრების მაღალი ლეგიტიმაციის საფუძველზე შერჩევას გულისხმობს.
ამ ფონზე აუცილებელია ცესკოს ახალი თავმჯდომარისა და სხვა პროფესიული წევრების ვაკანტურ პოზიციებზე ისეთი კანდიდატების შერჩევა, რომლებიც გაზრდიან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას, რითაც საარჩევნო რეფორმის ეფექტურ იმპლემენტაციას შეეწყობა ხელი. ამასთან, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და მიუკერძოებელი კანდიდატურების შერჩევა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს შორის მაქსიმალური კონსენსუსის საფუძველზე მოხდეს.
აუცილებელია, რომ განსაკუთრებით ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი წარიმართოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ. მომავალი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა სწორედ საარჩევნო კომისიების მიერ გაწეული სამუშაოს მიმართ არსებულ საზოგადოებრივ ნდობაზე იქნება დამოკიდებული. ამ გზით ქვეყანა თავიდან აიცილებს ისეთ პოლიტიკურ კრიზისს, როგორიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარდა," - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI), ღია საზოგადოების ფონდი